ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის მორიგი ე.წ სასამართლო პროცესი 25 იანვარს ჩაინიშნა

11 ივლისს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის მორიგი ე.წ სასამრთლო პროცესი ცხინვალში, 25 იანვარს ჩაინიშნა. ამის შესახებ Europetime-ს სუს-იდან აცნობეს.

გახელაძის საქმეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ უზენაესი სასამართლო განიხილავს.

"ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, დღეს, 18 იანვარს გაიმართა უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი. მიმდინარე ე.წ. სასამართლო პროცესზე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა.

მომდევნო ე.წ. სასამართლო დაგეგმილია 25 იანვარს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლების მიმართულებით. მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია ცხელი ხაზისა და ჩვენს ხელთ არსებული სხვა მექანიზმების გამოყენებით", - აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ekhokavkaza.com-ის ცნობით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოწმე დაკითხეს და მოსამართლემ პროცესის გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე, დაკავების დროს რუსმა სამხედროებმა ფეხში დაჭრეს.

დაკავებულს ბრალად წაუყენს საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, ასევე დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. გახელაძე უკვე 7 თვეა საოკუპაციო რეჟიმის წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

სასამართლო პროცესამდე, ქართულმა მხარემ აღნიშნული საქმე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე განიხილა. საქმეში ჩართული არიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებიც.