"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის წასვლამ მესამე მძლავრი პოლიტიკური ცენტრის შექმნის კარგი შესაძლებლობა შექმნა.
როგორც მედიასთან საუბარში ვაშაძე აღნიშნავს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემდგომ „ქართული ოცნება“ დიდ მხარდაჭერას კარგავს და ამომრჩეველს ალტერნატიული არჩევანის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.
მისი თქმით, ახალი პოლიტიკური ცენტრის მძლავრი მხარდაჭერის დიდი შესაძლებლობა გამოჩნდა და „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ მიმართულებით სხვა პარტნიორებთან ერთად დაიწყებს მუშაობას.
„აბსოლუტურად სრულიად ახალი რეალობა გვაქვს ქვეყანაში. ივანიშვილი წავიდა პოლიტიკიდან, წავიდა „ქართული ოცნებისგან“, დატოვა როგორც თანამდებობა, ასევე წევრობა. შესაბამისად, მესამე პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. პირდაპირ ვთქვათ, ეს ახალი რეალობა გულისხმობს, რომ „ქართული ოცნება“ დიდ მხარდაჭერას დაკარგავს და ადამიანებს უნდა ჰქონდეთ ალტერნატიული არჩევანი.
რა შეიძლება იყოს ეს არჩევანი? მძლავრი მიზიდულობის ცენტრი, მესამე პოლიტიკური ცენტრის სახით. ვინ შეიძლება იყოს აქ – სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები, თუ ცალკეული პოლიტიკოსები, სხვადასხვა ექსპერტები, თუ საზოგადოებრივი პირები. ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა.
ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, ვმსჯელობთ და თებერვლიდან გააქტიურდება მუშაობა ამ საკითხებთან დაკავშირებით. მთავარია, არ ჩავიციკლოთ მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკებებზე და პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. კარგად დავინახოთ, რომ დიდი შანსი გამოჩნდა, მესამე, ახალი პოლიტიკური ცენტრის ძალიან მძლავრი მხარდაჭერის საზოგადოების მხრიდან. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ ჩვენ, სხვა პარტნიორებთან ერთად“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.