მოსამართლეთა კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი მოსამართლე წევრი დაამტკიცეს. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად ლევან მურუსიძე (268 ხმა) და დიმიტრი გვრიტიშვილი (267 ხმა) ხმათა უმრავლესობით და ფარული კენჭისყრით აირჩიეს.
დიმიტრი გვრიტიშვილი კანდიდატად მოსამართლეებმა დაასახელეს, ხოლო ლევან მურუსიძემ საკუთარი კანდიდატურა თავად დააყენა.
ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ლევან მურუსიძემ.
„ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია - ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა.
„როდესაც საბჭოს მდივნობიდან წავედი, რამდენიმე წელი ჩუმად, წყნარად ვიყავი. რატომღაც არ მოისვენეს არასამთავრობო სექტორი იქნებოდა თუ სხვადასხვა პოლიტიკოსი, ექსპერტი, ხშირად ატრიალებდნენ ჩემს სახელს.ამას აბამდნენ სასამართლო სისტემას. ჩემი გვარით მურუსიძე რატომღაც უარყოფით კონტექსტში გამოიყვანეს, გვარს აყენებდნენ შეურაცხყოფას, ყველა პრობლემას, რაც ქვეყანაში იყო და სასამართლოში, მე მაბრალებდნენ.
რადგან რიგითი მოსამართლე ვიყავი და არ მქონდა საშუალება, რომ პასუხი გამეცა, ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, თუ ვინმეს პრეტენზია ექნება, თვითონ გავცემ პასუხს, ვიბრძოლებ რომ სასამართლო კიდევ უფრო დამოუკიდებელი იყოს. ამ სისტემაში ვარ გაზრდილი, ვიცი თითოეული მოსამართლე და სასამართლოს პრობლემები.
გადავწყვიტე, ჩემი სახელით სპეკულირებას რომ ყველამ დაანებოს თავი, მე მომმართონ და გავცე პასუხი. ჩემი სახელის სპეკულირებით ხდებოდა სასამართლო სისტემის სახელის შებღავლა და დისკრედიტაცია.
სიტყვით ბევრი ლაპარაკობს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ საქართველოში რეალურად უნდოდეთ დამოუკიდებელი სასამართლო. ისეთი ლანძღვა მიდის სასამართლოს და მოსამართლის, თუ ადამიანი გულწრფელად არის დაინტერესებული, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ჰქონდეს, ასეთი მეთოდებით არ იმოქმედებდა.
არასამთავრობო იქნება თუ სხვა, უნდათ გავლენების მოპოვება სასამართლო სისტემაში, ფიქრობენ, რომ ლევან მურუსიძეს აქვს ავტორიტეტი და ეს ხელის შემშლელია, რომ ხდება მოსამართლეების დარაზმვა ერთ მუშტად, შესაბამისად, სასამართლო იბრძვის დამოუკიდებლობისთვის. ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ სასამართლო დამოუკიდებელი იყოს. თუ ვინმეს სურს სასამართლოს დაეხმაროს, ასეთი ლექსიკით არ იმეტყველებს“, - აღნიშნავს მურუსიძე „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი მოსამართლე წევრის ადგილი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც საბჭოს ორმა მოქმედმა წევრმა, გოჩა აბუსერიძემ და გიორგი გოგინაშვილმა საკუთარი განცხადებების საფუძველზე თანამდებობები დატოვეს. კონფერენცია საბჭოს მოსამართლე წევრს თანამდებობაზე ოთხი წლის ვადით ამწესებს.