რეგიონსა და მსოფლიოში რთული გამოწვევების პირობებში, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობას და სტაბილურობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მშვიდობა, რეგიონის განვითარებისთვის საკვანძო მოცემულობაა.
„ჩვენ შევეხეთ რეგიონში არსებულ სიტუაციას. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ შეთანხმებას. მშვიდობიანი მოლაპარაკების პროცესის დაწყების თაობაზე. ეს ჩვენ რა თქმა უნდა დიდ იმედს გვაძლევს.
აქვე მინდა დავადასტურო, რომ საქართველო, მე და ჩვენი მთავრობა, აცხადებს სრულ მზადყოფნას, რომ ხელი შევუწყოთ და გავაგრძელოთ მშვიდობიანი პოლიტიკა, რომელიც ჩვენ ერთად დავიწყეთ და წამოვიწყეთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება და არ ანაცვლებს თანამშრომლობის სხვა რომელიმე ფორმატს. „მივესალმები პრაღაში გაჟღერებულ ინიციატივას, ერთობლივი სამმხრივი სადისკუსიო ფორმატის შექმნის აუცილებლობაზე, სამხრეთ კავკასიაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ილჰამ ალიევი საქართველოში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება.