შალვა პაპუაშვილმა, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების საკითხი განიხილა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პირველ ვიცე-პრეზიდენტს ოტმარ კარასს შეხვდა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

შალვა პაპუაშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე. ევროპარლამენტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა და ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერა გამოხატა.

შალვა პაპუაშვილმა და ოტმარ კარასმა შეხვედრაზე ასევე გამოთქვეს პარლამენტებს შორის ორმხრივი კავშირების გაღრმავების სურვილი.

შეხვედრა გაიმართა ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის ფარგლებში.

შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები,  ვიცე სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

24  ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.


 გაეცანით Europetime-ს სტატიას: