„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აჩვენოს თავისი ერთგულება ევროკავშირში ინტეგრაციისადმი, ამ გზაზე წინსვლისთვის საჭირო რეფორმების გატარებით“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიცულ ბრიფინგზე, ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ნედ პრაისის თქმით, პოლარიზაცია არ უწყობს ხელს საქართველოს პოლიტიკურ მისწრაფებებს.
„ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს მთავრობასთან მუშაობას იმ საჭირო რეფორმების გატარების მიმართულებით, რომლისკენაც ევროკომისიამ და ევროკავშირმა მოუწოდეს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ საქართველოსთან ამ გზაზე, ქვეყნის ევროპული მისწრაფების მიმართულებით“, - აღნიშნა ნედ პრაისმა.
ფიქრობთ თუ არა, რომ არსებული პოლიტიკური სიტუაცია ძირს უთხრის ამერიკის პოლიტიკურ ინტერესებს საქართველოში, დამატებით, ამ შეკითხვით მიმართა ნედ პრაისს ჟურნალისტმა.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზოგიერთი ქმედება, ზოგიერთი რიტორიკა ეწინააღმდეგებოდა ქართველი ხალხის ინტერესებს, ჩვენ ყველაზე მეტად გვაწუხებს ეს საკითხი, როდესაც საქმე ეხება საქართველოს და მის მიერ არჩეულ გზას, რომელიც გულისხმობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და ევროპულილ მისწრაფებას.
ჩვენ გვინდა, რომ ვიხილოთ საქართველოს წინსვლა ამ გზაზე და მზად ვართ, პარტნიორობა განვაგრძოთ ქართველ ხალხთან, ქართული საზოგადოებასთან და საქართველოს მთავრობასთან“, - განაცხადა ნედ პრაისმა.