შალვა პაპუაშვილი: ყირიმის პლატფორმაზე, საპარლამენტო დელეგაციები უკრაინის მიმართ სოლიდარობას, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ

ყირიმის პლატფორმაზე გვექნება შესაძლებლობა, რომ პარლამენტების დელეგაციებმა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ სოლიდარობა უკრაინის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველომ იცის, რას ნიშნავს რუსული აგრესია და რამდენად მნიშვნელოვანია სათანადო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან.

„რაც შეხება ჩვენ დელეგაციას და ჩემს გამოსვლას, აქ საქართველოს გამოცდილებიდან გამომდინარე, გვექნება საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს რუსული აგრესია, როგორი იყო თავის დროზე შესაძლოა, არასათანადო რეაგირება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან და რა უნდა იყოს სწორი რეაგირება რუსულ აგრესიაზე.

ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც რამდენჯერმე განიცადა რუსული აგრესია და ძალიან კარგად ვიცით, როგორი უნდა იყოს სწორი რეაქცია. ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე გვექნება საუბარი იმაზე, თუ რას უნდა გულისხმობდეს  თავის თავში  სოლიდარობა უკრაინის მიმართ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველი საპარლამენტო სამიტის სესია გაიხსნა.

სამიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით მიმართავს მონაწილეებს.

ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტში 32 პარლამენტის 43 დელეგაცია, ხუთი საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაცია და 26 პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და საპარლამენტო დელეგაციის ორმხრივი შეხვედრები.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.