ევროკავშირმა უკვე ბევრი გააკეთა რუსული აქტივების გაყინვის თვალსაზრისით და რუსული „ომის მანქანის“ დაფინანსების შესაზღუდად, თუმცა საჭიროა ამ საკითხის იურიდიულად დამუშავება, რომ ეს რესურსი უკრაინის აღსადგენად გამოვიყენოთ.
ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს ბერლინში უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენი მიზანია რუსული აქტივების არამხოლოდ გაყინვა, არამედ, ჩამორთმევაც, მაგრამ ამისვის საჭიროა სამართლებრივი საფუძველი.
ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან ექსპერტები ყველა წევრი ქვეყნიდან, არიან საერთაშორისო ექსპერტებიც.
ჯგუფს ეწოდება „გააჩერე და გაყინე“. ჯგუფის მიზანია არამხოლოდ აქტივების იდენტიფიცირება, რომლებიც გაყინულია, არამედ, სამართლებრივი წინაპირობების განსაზღვრა, რომლის საფუძველზე შესაძლებელია ამ აქტივების ჩამორთმევა და გამოყენება უკრაინის აღსადგენად“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.