საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის კლასიკოსს, მწერალ დიმიტრი დიმიტრიადისსა და რეჟისორ მიხეილ მარმარინოსს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა.
ბერძენი მწერლები და დრამატურგები საქართველოში ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „საჩუქარი“ ფარგლებში იმყოფებიან, რომელიც წელს საქართველო – საბერძნეთის 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავად, საბერძნეთის თანამედროვე დრამატურგიასა და თეატრს მიეძღვნა.
დიმიტრი დიმიტრიადისმა პრეზიდენტს საჩუქრად ქართულ ენაზე თათია მთვარელიძის მიერ ნათარგმნი საკუთარი ნაწარმოები „ვკვდები როგორც ქვეყანა“ გადასცა.
„საქართველოსთვის დიდი პატივია უმასპინძლოს თანამედროვე ბერძნული ლიტერატურის კლასიკოსს. მოხარული ვარ, რომ ეს შემოქმედებითი ურთიერთობები საქართველოსთან გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ფესტივალის დირექტორმა და რეჟისორმა ქეთი დოლიძემ პრეზიდენტს მომავალი წლის ფესტივალის გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ ფესტივალის მასშტაბმა წელს მის ხარისხზე გავლენა ვერ მოახდინა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსთვის, როგორც მონათესავე კულტურისთვის შთამაგონებელია ის მუდმივი განახლებისა და შემოქმედებითი ენერგიის გენერირების უნარი, რომლის მეშვეობითაც „უმკლავდება“ თანამედროვე ბერძნული კულტურა უდიდესი კულტურული მემკვიდრეობის სიმძიმეს.
მიხეილ მარმარინოსმა საქართველოს პრეზიდენტი საბერძნეთში კულტურული პროგრამის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად ქალაქ ელევსინში მიიწვია. ელევსინი 2023 წელს ევროპის კულტურულ დედაქალაქადაა გამოცხადებული.