ზურაბ აზარაშვილი: პირველი ნოემბრიდან, ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ

ჯანდაცვის მინისტრ, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პირველი ნოემბრიდან, DRG მეთოდოლოგიით საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით.

მინისტრის თქმით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია სხვა ქვეყნებშიც არის დანერგილი.

„დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეხება სამედიცინო სერვისების ყველაზე სამართლიანი, სწორი და აპრობირებული სისტემის დაფინანსებას.

ეს არის დიაგნოზთან შეჭიდებული ჯგუფებისთვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება და ის ათიათასობით სერვისები, რომელთათვისაც ტარიფები იყო განსაზღვრული, დღეს უკვე DRG მეთოდოლოგიით დაითვლება და გამოყვანილი საბაზისო ტარიფის და DRG-ის წონის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით.

ეს მეთოდი არის ყველაზე პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია სხვა ქვეყნებში დანერგილია.

წელს იანვრიდან გავააქტიურეთ ეს საკითხი და როგორც გვქონდა დაანონსებული, უკვე პირველი ნოემბრიდან მზად ვართ, რომ ეს სისტემა გავუშვათ. ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ გარდა იმისა, რაც განსაზღვრული იქნება ჩვენი ბრძანებით.

ყოველწლიურად ჩვენ რასაც რეფერალის სისტემიდან ვაფინანსებდით ონკოლოგიურ შემთხვევებს, ესეც საყოველთაო ჯანდაცვაზე გადაგვაქვს და ყოველწლიურ ლიმიტს 20 000-დან 25 000 ლარამდე ვზრდით. ეს მომართვიანობის მინიმუმ 90%-ს დაგვიფარავს.

აღნიშნული მოდელით ჩვენი მხრიდან მკაცრი კონტროლი იქნება და ამ კუთხით კლინიკას ფინანსური მოტივაციაც აღარ ექნება. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტს სჭირდებოდა ჩარევები და ფინანსური მოტივაციის გამო ხდებოდა იმაზე მეტი ჩარევა პაციენტის სამკურნალოდ, ვიდრე საჭირო იყო.

DRG სისტემა ამ ყველაფერს გადააზღვევს, რადგან ერთი DRG კოდით დაგენერირდება და ცალ-ცალკე სერვისებად გადახდა აღარ მოხდება.

რაც შეეხება პაციენტს, მისი ჯიბიდან გადახდის დაზღვევა მკაცრად გაკონტროლდება.

პირველი შემთხვევის დროს იქნება ჯარიმა, ხოლო მეორე შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კლინიკას შეეზღუდება საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება და ის ამ პროგრამიდან ჩაეხსნება. ეს იმაზე მკაცრი სანქციაა, ვიდრე ფულადი ჯარიმა კონკრეტულ შემთხვევაზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.