თეგი: ჯანდაცვა

იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP სერტიფიკატის მოთხოვნა სავალდებულო იქნება

იმპორტირებულ მედიკამენტებზე GMP სერტიფიკატის მოთხოვნა სავალდებულო იქნება. ამის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილება ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა ზურა აზარაშვილმა გააცნო. „როგორც გახსოვთ, პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა ადგილობრივი მწარმოებლებისთვის 2022 წლის განმავლობაში ამ სერტიფიკატზე გადასვლის აუცილებლობა. აქედან გამომდინარე, როგორც ადგილობრივი მწარმოებელი, ასევე იმპორტიორი თანაბარ პირობებში რომ ყოფილიყო, ჩვენ დაჩქარებული წესით შეგვაქვს ცვლილება და იმპორტიორებს ვთხოვთ GMP სერტიფიკატს. ასევე, მივიღეთ გადაწყვეტილება, უფრო კარგად და ხარისხიანად რომ ვაკონტროლოთ როგორც იმპორტირებული, ასევე ადგილზე წარმოებული წამლის ხარისხი, საქართველოში მიმდინარე წელს შევქმნით წამლის ლაბორატორიას და ამისთვის გარკვეული თანხა, 6 მილიონ ლარამდე, ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია და დაწყებული გვაქვს პროცესი ამ ლაბორატორიის უმოკლეს ვადაში მოსაწყობად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრი: საუბარი იმაზე, რომ პრემიერი ანტივაქსერია, არასწორია

ჯანდაცვის მინისტრმა ზურა აზარაშვილმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა იმის შესახებ, რომ „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს. როგორც ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, მინისტრმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა „ომიკრონი“, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. „რასაკვირველია, პრემიერი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ მას აქვს ვაქცინის ორივე დოზა გაკეთებული და ის ძალიან აქტიურად იყო ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში ჩართული. ასევე, იმ სამოტივაციო სისტემაში, რაც 50 წელს გადაცილებულებისთვის გავაკეთეთ, 200-ლარიანი დანამატი, 100-ლარიანი დანამატი „ბუსტერ“ დოზის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ანტივაქსერია თუ არა, ვფიქრობ, რომ არასწორია. „ომიკრონის“ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ისეთი ვაქცინები, რომლებიც გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს, მან თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო. „ომიკრონთან“ დაკავშირებით იცით, რომ Pfizer-მა უკვე შექმნა ახალი ვაქცინა და მარტის თვეში ახალი ვაქცინა გვექნება, რომელიც „ომიკრონზე“ მუშაობს კონკრეტულად“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ამავე თემაზე: პრემიერ-მინისტრი: „ომიკრონის“ დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს

ჯანდაცვის მინისტრი: აპრილიდან ექიმები მხოლოდ გენერიკულ მედიკამენტებს გამოწერენ, ვერ მიუთითებენ კონკრეტულ ბრენდს

მედიკამენტების ხარისხის კონტროლი, გამჭვირვალე ბაზარი და სამართლიანი ფასების დაწესება ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით უწყებას სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, არ მოხდეს მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა. „პირველი ეტაპი იყო თურქეთის ბაზრის გახსნა. მომდევნო ნაბიჯია ელექტრონული რეცეპტების სავალდებულო რეგისტრაცია, რომელიც ძალაში პირველი მარტიდან შევიდა. ამით, ჩვენს ბაზაში ვხედავთ, ვინ რა მედიკამენტს წერს, ასევე, რა მედიკამენტს გასცემს ფარმაცევტი. ანალიზის საფუძველზე, ვიღებთ იმ ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება ბაზრის უფრო მეტად დარეგულირებაში; იმის გაკონტროლებაში, რომ არ მოხდეს მიკერძოებულად ან ჭარბი რაოდენობით მედიკამენტების გამოწერა. ჩვენი გეგმის მომდევნო ეტაპზე, აპრილიდან, მხოლოდ გენერიკული მედიკამენტების გამოწერა იქნება შესაძლებელი. ექიმი ვერ მიუთითებს კონკრეტულ ბრენდს. ამით მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თავისი სურვილის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება და არ შეიძინოს რომელიმე ქვეყნის წარმოებული, ან კონკრეტული ბრენდის მედიკამენტი. ყველა ეს ეტაპი წლის ბოლომდე უნდა გავიაროთ. საბოლოოდ, მივიღებთ კარგად დარეგულირებულ, გამჭვირვალე ფარმაცევტულ ბაზარს, რაც აუცილებლად აისახება ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხსა და ხელმისაწვდომობაზე“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით.  

ამერიკის საელჩო: აშშ-სა და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი კომპონენტია

ამერიკის საელჩოს განცხადებით, აშშ-სა და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. „შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებზე თანამშრომლობა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. აღვნიშნავთ რა დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს, ქართულ-ამერიკული მიღწევები ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებით გამოირჩევა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა კარგად იციან, რომ დაავადებათა გავრცელება ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, ამიტომ უმნიშვნელოვანესია მუდმივი მზადყოფნა და გამოცდილების გაცვლა. აშშ-საქართველო რეგიონულ პარტნიორებთან ერთად ჯანდაცვის კუთხით 1995 წლიდან წარმატებით თანამშრომლობს. ამ კვირაში აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით საქართველოში შეხვდნენ ადგილობრივი და რეგიონის ჯანდაცვის ექსპერტები, რომლებმაც გაცვალეს საუკეთესო გამოცდილება და განიხილეს ჯანდაცვის რისკების პრევენციის, აღმოჩენისა და საპასუხო ქმედებების გეგმა მთელ რეგიონში“, - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზურაბ აზარაშვილი: პირველი ნოემბრიდან, ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ

ჯანდაცვის მინისტრ, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, პირველი ნოემბრიდან, DRG მეთოდოლოგიით საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. მინისტრის თქმით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია სხვა ქვეყნებშიც არის დანერგილი. „დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეხება სამედიცინო სერვისების ყველაზე სამართლიანი, სწორი და აპრობირებული სისტემის დაფინანსებას. ეს არის დიაგნოზთან შეჭიდებული ჯგუფებისთვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება და ის ათიათასობით სერვისები, რომელთათვისაც ტარიფები იყო განსაზღვრული, დღეს უკვე DRG მეთოდოლოგიით დაითვლება და გამოყვანილი საბაზისო ტარიფის და DRG-ის წონის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით. ეს მეთოდი არის ყველაზე პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია სხვა ქვეყნებში დანერგილია. წელს იანვრიდან გავააქტიურეთ ეს საკითხი და როგორც გვქონდა დაანონსებული, უკვე პირველი ნოემბრიდან მზად ვართ, რომ ეს სისტემა გავუშვათ. ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ გარდა იმისა, რაც განსაზღვრული იქნება ჩვენი ბრძანებით. ყოველწლიურად ჩვენ რასაც რეფერალის სისტემიდან ვაფინანსებდით ონკოლოგიურ შემთხვევებს, ესეც საყოველთაო ჯანდაცვაზე გადაგვაქვს და ყოველწლიურ ლიმიტს 20 000-დან 25 000 ლარამდე ვზრდით. ეს მომართვიანობის მინიმუმ 90%-ს დაგვიფარავს. აღნიშნული მოდელით ჩვენი მხრიდან მკაცრი კონტროლი იქნება და ამ კუთხით კლინიკას ფინანსური მოტივაციაც აღარ ექნება. სამწუხაროდ, იყო შემთხვევები, როდესაც პაციენტს სჭირდებოდა ჩარევები და ფინანსური მოტივაციის გამო ხდებოდა იმაზე მეტი ჩარევა პაციენტის სამკურნალოდ, ვიდრე საჭირო იყო. DRG სისტემა ამ ყველაფერს გადააზღვევს, რადგან ერთი DRG კოდით დაგენერირდება და ცალ-ცალკე სერვისებად გადახდა აღარ მოხდება. რაც შეეხება პაციენტს, მისი ჯიბიდან გადახდის დაზღვევა მკაცრად გაკონტროლდება. პირველი შემთხვევის დროს იქნება ჯარიმა, ხოლო მეორე შემთხვევის აღმოჩენის შემთხვევაში, კლინიკას შეეზღუდება საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება და ის ამ პროგრამიდან ჩაეხსნება. ეს იმაზე მკაცრი სანქციაა, ვიდრე ფულადი ჯარიმა კონკრეტულ შემთხვევაზე“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ახალი წესი ამოქმედდა

დღეიდან, სამედიცინო მომსახურების დაფინანსების რეფორმა ძალაში შედის. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებთან ანგარიშსწორება დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელით მოხდება. DRG სისტემით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სახელმწიფო, მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის. როგორც ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეების ჯანმრთელობაზე და აქტიურად მუშაობს, რათა სამედიცინო სერვისები გახდეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომი და ხარისხიანი. ზურაბ აზარაშვილი: პირველი ნოემბრიდან, ვერანაირ დამატებით „ჯიბიდან გადახდებს“ კლინიკები პაციენტებს ვეღარ დაუწესებენ ახალი მეთოდის დანერგვის შემდეგ, ერთსა და იმავე მომსახურებას, ყველა კლინიკაში, ერთი ტარიფი ექნება. პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი (0-დან 30%-მდე, პაკეტების შესაბამისად) ითვალისწინებს. კლინიკა კი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პაციენტს, დამატებით გადასახადს ვეღარ დაუწესებს. ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ უწყება თანაგადახდის ნაწილსა და მიწოდებული მომსახურების ხარისხს მკაცრად გააკონტროლებს. „DRG, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია. ახალი სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. მეთოდი მთლიანად აუმჯობესებს ჯანდაცვის სისტემის ეფექტურობას და იძლევა საშუალებას, რომ ფინანსური რესურსი, რაც აქვს ჯანდაცვის სისტემას, მეტად მოხმარდეს პაციენტის საჭიროებებს“, - აცხადებს ჯანდაცვის უწყება.

2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი

2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე გამოყოფილია 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი მატება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას ისაუბრა. მისივე თქმით, ასევე, დაგეგმილია სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა. „2023 წელს ჯანდაცვის დაფინანსებაზე გამოყოფილია 1 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებში: საყოველთაო ჯანდაცვის დაფინანსება შეადგენს 850 მილიონ ლარს. პროგრამის ფარგლებში, მომდევნო წელს მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქრონიკული მედიკამენტების დაფინანსება. ასევე, რიგი მიმართულებებით განხორციელდება დაფინანსების ახალი - ე.წ. DRG მოდელის დანერგვა; პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფაზე, მიიმართება 190 მილიონ ლარზე მეტი. პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა. ასევე, სოფლის ექიმებისა და ექთნების ხელფასების 100 ლარით ზრდა; ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, გამოყოფილია 97 მილიონი ლარი; „კორონავირუსთან“ დაკავშირებული ხარჯები მცირდება თითქმის 500 მლნ ლარით და ამ ეტაპზე, გათვალისწინებულია 63 მლნ ლარამდე. მუნიციპალური ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსება შეადგენს 85 მილიონ ლარს; ჯანდაცვის სხვა პროგრამებზე გამოყოფილია 340 მილიონ ლარამდე“, - განაცხადა ხუციშვილმა.  

იმუნიზაციის სისტემის და ინფექციების ზედამხედველობის გაუმჯობესების მიზნით, ევროკავშირმა და ჯანმომ საქართველოს დახმარება გადასცეს

ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ საქართველოს მთავრობას ვაქცინების სასაწყობე ცივი ოთახები და ულტრა დაბალი ტემპერატურის მაცივრები, ასევე ლაბორატორიული მოწყობილობები გადასცეს, რაც ქვეყანაში იმუნიზაციის სისტემის და ინფექციების ზედამხედველობის გაუმჯობესებას ემსახურება. ჯანმოს საქართველოს ოფისის ცნობით, ეს მხოლოდ ნაწილია იმ დახმარებისა, რომელსაც ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია უწევენ საქართველოს COVID19-ის პანდემიასთან ბრძოლის და უფრო მდგრადი ჯანდაცვის სისტემის მშენებლობის პროცესში. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გადაცემის ცერემონიალს ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე. „მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია საქართველოს გადავცეთ იმუნიზაციის ცივი ჯაჭვისთვის საჭირო დანადგარები - ცივი ოთახები და მაცივრები, ასევე ლაბორატორიული და ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის მოწყობილობები. ეს ტექნიკა და ჩვენი თანამშრომლობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან მიმართულია საქართველოში ინფექციური დაავადებების კონტროლისკენ და მოსახლეობის უკეთ დასაცავად. ეს და სამომავლო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობას საქართველოს მიმართ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. ეს დახმარება მხოლოდ ნაწილია იმ დიდი მხარდაჭერისა, რომელსაც ევროკავშირი და WHO საქართველოს უწევენ. პანდემიის დაწყებიდანვე ევროკავშირი და WHO საქართველოს COVID19-ით გამოწვეული კრიზისის დაძლევასა და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობის გაუმჯობესებაში ეხმარებიან. „გადაცემული მოწყობილობა ქვეყნის მასშტაბით ცივი ჯაჭვის გამართვას უწყობს ხელს, რათა შესაბამისად მოხდეს ვაქცინებისა და განსაკუთრებულ პირობებში შესანახი ნიმუშების დასაწყობება, დაცვა, ტრანსპორტირება და გამოყენება. ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ მთავრობას უკვე გადასცა 300 სამედიცინო მაცივარი, ვაქცინების ტრანსპორტირებისთვის საჭირო სპეც. ავტომობილი, ვაქცინების სატარებელი ყუთები თუ მაღალი ხარისხის კომპიუტერული ტექნიკა. შეძენილი მოწყობილობების ღირებულება მთლიანობაში 500,000 ევროს აღწევს. ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ასევე მომზადდა ვაქცინაციასთან დაკავშირებული აპლიკაციები, იმუნიზაციისა და პაციენტებთან კომუნიკაციის მიმართულებით გადამზადდა სამედიცინო პერსონალი, ხდება ვაქცინების ეფექტურობის და უსაფრთხოების მონიტორინგი და კომუნიკაცია იმუნიზაციის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით. „გადაცემული მოწყობილობები შეავსებს ყველა იმ საჭიროებას, რომელიც იმუნიზაციის თანამედროვე ცივ ჯაჭვს უნდა გააჩნდეს; იგი გაზრდის იმუნიზაციის შესაძლებლობებს და ზოგადად, ჯანდაცვის სექტორის მზაობას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახლანდელი და შესაძლო გამოწვევების მიმართ. ამას თან მოჰყვება შესაბამისი სამედიცინო პერსონალის გადამზადება, რომელსაც ასევე უზრუნველყოფს ევროკავშირი და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“, - განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში სილვიუ დომენტემ. „ეს დახმარება ევროკავშირისა და ევროპის გუნდის მიერ გაწეული უფრო ფართო მხარდაჭერის პაკეტის ნაწილია, რომლის მოცულობაც ახალი და გადანაწილებული დახმარების სახით 1.5 მილიარდ ლარს შეადგენს და რომლის მიზანია საქართველოს პანდემიასთან გამკლავებაში დაეხმაროს. ეს არის მსოფლიო მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის მიერ გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და ამ უპრეცედენტო კრიზისის პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობაზე მიანიშნებს“, - აცხადებს ჯანმოს საქართველოს ოფისი.

ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა. კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს. „წინასწარი შეფასებით, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტო მზად არის მოკვლევის პროცესში ჩაერთოს. ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, თურქეთიდან მედიკამენტები პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოვიდა, რამაც საქართველოში წამლების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ევროპულთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს. შესაბამისად, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, თურქული წამლების ფასის ხელოვნური ზრდა, მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, წამლებზე სამართლიანი ფასის დაწესების გზით“, - აღნიშნულია განცხადებაში.  

ჯანდაცვის ბიუჯეტი, 2012 წელს 450 მილიონი ლარიდან, წელს უკვე 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე გაიზარდა - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ჯანდაცვის ბიუჯეტი, 2012 წელს 450 მილიონი ლარიდან, წელს უკვე 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე გაიზარდა, რაც დიდი პროგრესია. პრემიერის თქმით, კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღების შესაძლებლობა მხოლოდ ერთეულ პაციენტებს, ისიც კერძო დაფინანსებით ჰქონდათ და ძალიან ბევრი გამოწვევა არსებობდა ამ სექტორში. „ჩვენს მოქალაქეებს, ყველას კარგად მოგეხსენებათ, უწევდათ საკუთარი სახლის, ავტომობილის გაყიდვა იმისათვის, რომ ჯანდაცვის ელემენტარული სერვისი მიეღო. ასე რომ სრულად მიტოვებული იყო ჩვენი მოქალაქე სახელმწიფოსგან, სახელმწიფოს მზრუნველობისგან. ამ დროს, ჩვენ კარგად ვიცით, იმისთვის, რომ შევაფასოთ ხელისუფლების დამოკიდებულება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, ეს დამოკიდებულება უნდა გამოიკვეთოს მოქალაქეებისადმი, თუ როგორ ზრუნავს სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებზე, საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის დაცვაზე, განათლებაზე და ა.შ. ჩვენს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დაწყებიდან მოკლე პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტი ჯანდაცვაზე თითქმის გაორმაგდა, შემცირდა ჯანდაცვის სერვისებზე ე.წ. ჯიბიდან გადახდები და როგორ მოგახსენეთ, მოქალაქეების 90%-ზე მეტს მიეცა ამ მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო წლებში უპრეცედენტოდ გაიზარდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო ასიგნებების მოცულობა. შედარებისთვის, 2012 წელს 450 მილიონი ლარიდან, წელს უკვე 1 მილიარდ 450 მილიონ ლარამდე გაიზარდა, თითქმის მილიარდ ნახევარი გახდა ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პროგრესია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

ჯანდაცვის მინისტრი „რესპუბლიკურ საავადმყოფოზე“: თანამშრომლებს თუ ვერ დავასაქმებთ, ხელფასს მაინც გადავუხდით

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ სრულ პასუხისმგებლობას იღებს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ პერსონალის დასაქმებაზე. მინისტრის თქმით, პერსონალი ღირსეული ანაზღაურების გარეშე არ დარჩება. „ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მათ დასაქმებაზე და იმ ანაზღაურების გადახდაზე, რომელიც ჩვენ დავაწესეთ. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ ვერ დავასაქმებთ, ჩვენ მათ ხელფასს მაინც გადავუხდით. ჩვენ ამას ყველანაირი ხელშეკრულებებით გავამყარებთ“, - განაცხადა მინისტრმა, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უწყება, მომდევნო კვირაში წარადგენს. „მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ყველა სპეციალისტს აქვს თავისი ფუნქცია, მე ვერ გავაკეთებ შეფასებას ვერც მზიდი კონსტრუქციის, ვერც საძირკვლის, ან წყლების არიდების შესახებ. დიდ პატივს ვცემ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებულ პერსონალს, თუმცა მშრალად, დათვალიერებითა და რამდენიმე წლის წინანდელი დასკვნებით, ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას.ის რაც მე ვთქვი, ეს იყო წინასწარი და არა საბოლოო დასკვნა. ახლაც მიდის პროცესი სამხარაულში. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ხარჯთეფექტურობა. როცა რამეს ვარემონტებთ, ან რეკონსტრუქციას ვაკეთებთ პირველ რიგში ხარჯთეფექტურობა უნდა შევაფასოთ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“ არაა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი. დაახლოებით სამი წლის განმავლობაში, ევროპის საინვესტიციო ბანკი სწავლობდა აღნიშნულ შენობას და მათ აქვთ წინასწარი დასკვნები. მე ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ. ასობით მილიონი დაიხარჯოს არსებულ საავადმყოფოზე, რომელიც 50 წლისაა, არაა სწორი. ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ძალიან კარგ საქმეს ვაკეთებთ. სამედიცინო დაწესებულება ადამიანებს მაღალ სტანდარტსა და სრულ სამედიცინო სერვისის შესთავაზებს. ჩვენ სახელმწიფო კლინიკები უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. პროტესტი გრძელდება - „რესპუბლიკური ჩვენი სახლია", - ამ ლოზუნგით „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“, კლინიკის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. რესპუბლიკური საავადმყოფოს, ასევე სხვა კლინიკის მედიკოსები შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები უნდობლობას უცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროს და აღნიშნავენ, რომ კლინიკა დემონტაჟს არ საჭიროებს.  

ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების სტანდარტები დაამტკიცა

ჯანდაცვის სამინისტრომ ქირურგიული მომსახურების დროს გამოსაყენებელი სახარჯი მასალების (კორონარული სტენტი, ბროლი, ორთოპედიული ენდოპროთეზი) მინიმალური მოთხოვნები და მახასიათებლები დაამტკიცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილების შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სერვისის მიმწოდებელი ყველა სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების, FDA, MDR ან CE სერტიფიკატის მქონე მასალები გამოიყენოს. როგორც უწყებაში აცხადებენ, სიახლე პირველი მაისიდან ჩატარებულ ქირურგიულ მომსახურებებზე გავრცელდება. სახარჯი მასალებისთვის ევროპული და ამერიკული სტანდარტების განსაზღვრით, სამინისტრო, მოქალაქეებისთვის, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. სახარჯი მასალების გარდა, 2023 წელს განისაზღვრება სამედიცინო აღჭურვილობის საერთაშორისო სტანდარტები და რეგულირების საკითხები. 2025 წლიდან კი, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა სამედიცინო დაწესებულებისთვის სავალდებულო იქნება საერთაშორისო აკრედიტაცია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეფორმების მიზანი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა და ხარისხის კონტროლის მძლავრი მექანიზმების შექმნაა.  

საქართველო ტრანსპლანტაციის სერვისისთვის ახალ კანონმდებლობას შეიმუშავებს

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე იყო გამოტანილი და დადებითი გადაწყვეტილებაა მიღებული, არის ახალი კანონმდებლობა ტრანსპლანტაციის სერვისისთვის, ორგანოთა გადანერგვის და ასევე ქსოვილებისა და უჯრედების გადანერგვისთვის“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი ევროდირექტივების შესაბამისად მომზადდა და უახლოეს პერიოდში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარედგინება. „დღეს არსებული კანონმდებლობა 2000 წელს არის შემუშავებული. ქვეყანაში ყოველწლიურად დაახლოებით 30 ტრანსპლანტაცია ტარდება, მაშინ როცა ევროპის ქვეყნებში, დაახლოებით 80-მდე ტრანსპლანტაცია ტარდება ერთ მილიონ მოსახლეზე, რაც ქმნის მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, ახალი საკანონმდებლო ჩარჩო, აყალიბებს სრულყოფილ სისტემას, იმისთვის რომ ჩვენ მოვახერხოთ დონორების რეგისტრაცია, ორგანოების შემოწმება, მიკვლევადობა, დროული რეაგირება, ხარისხის უზრუნველყოფა, ლიცენზირება, როგორც დონაციის განმახორციელებელი დაწესებულების, ასევე იმ დაწესებულების სადაც განხორციელდება ტრანსპლანტაცია და სხვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.  

რა გადაწყვეტილება მიიიღეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან 24-საათიან პროტესტს წყვეტენ. ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა, ქეთი ბეგიაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან განაცხადა, რომ მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ყოველკვირეულ შეკრებებს დაესწრებიან და ჩართული იქნებიან ყველა იმ სამუშაოში, რაც მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით იქნება. „მე-19 დღე დასრულდა ჩვენი 24-საათიანი უწყვეტი აქციის კანცელარიასთან. დღეს, მშობლები დავესწარით ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს შეკრებას, სადაც დაწვრილებით მოვისმინეთ პროტოკოლზე მომუშავე თითოეული ექიმის კომენტარი, სადაც ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდით, რომ პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნება დასრულებული. ასევე, მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება და მან განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო მზად არის და ის გამოყოფს თანხებს. ჩვენ, მშობლები ყოველკვირეულ შეკრებაზე ვიქნებით ჩართულნი ყველა იმ სამუშაო განრიგში, რაც იქნება მედიკამენტის შემოტანასთან დაკავშირებით. ამიტომ, მშობლებმა გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან წინ ბევრი სამუშაო გვაქვს და გვჭირდება მშვიდი გონება და პირველ რიგში ვჭირდებით ჩვენს ოჯახებს, ვწყვეტთ 24-საათიან აქციას კანცელარიასთან“, - განაცხადა მშობელმა. ცნობისთვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის კანცელარიასთან მართავდნენ აქციას და ხელისუფლებას მათი შვილებისთვის საჭირო პრეპარატის „ვოსორიტიდის“ შემოტანას და დაფინანსებას სთხოვდნენ. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, უწყება განაგრძობს კომუნიკაციას მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ მწარმოებელ კომპანიასთან. სამინისტროს თანახმად, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ პრეპარატის უსაფრთხოდ დანერგვისთვის აუცილებელია იშვიათი დაავადებების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია და შესაბამისი მართვის სისტემის დანერგვა. VOXZOGO („ვოსორიდიტი“) 1997 წელს აშშ-ში დაფუძნებული გლობალური ფარმაცევტული კომპანიის, BioMarin-ის, მიერ შექმნილი პრეპარატია (ინიექცია). ეს არის აქონდროპლაზიის სამკურნალო პირველი მედიკამენტი, რომელიც 2021 წელს ორმა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ, აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) და ევროპის წამლის სააგენტომ (EMA), დაჩქარებული წესით დაამტკიცა. პრეპარატს ჯერ არ გაუვლია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია. პრეპარატი VOXZOGO, რომელიც უკვე 11 წელია (2012 წლის თებერვლიდან), გადის კლინიკური კვლევების პროცესს, აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ გამოიყენება.  

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა გაიზარდა - მინისტრი

დაფინანსების მოცულობასთან ერთად, 2022 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. მისი განცხადებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია და 880 მილიონ ლარს შეადგენს. „მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა დეფიბრილატორების დაფინანსებაზე და ასევე მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა აბლაციების დაფინანსებაზეც. გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიური დაფინანსება, თითოეულ პაციენტზე, 25 000 ლარამდე გაიზარდა. მოიხსნა თანაგადახდა და ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური სერვისები ანაზღაურდება სრულად. პროგრამას დაემატა გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის კომპონენტი და ამოქმედდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის კომპონენტი, რომლის ბიუჯეტი, წლიურად, 11 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 2022-2023 წლებში, რეფერალური დახმარების პროგრამით 110 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო მომსახურება დაფინანსდა. მისივე განცხადებით, რეფერალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტის 95%-იან ზრდასთან ერთად, გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მასშტაბი. „იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უკეთესი წვდომა უცხოეთში ისეთ სერვისებზე, რომელთა ჩატარება საქართველოში ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის, სამინისტრომ, გააფართოვა თანამშრომლობა კლინიკებთან თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში, სადაც ყველაზე ხშირად ხდება პაციენტების რეფერალი. საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე, რეფერალური პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში, გაცემულია 14 მილიონ ლარზე მეტი. ამავე პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისები, რამაც 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წლის თებერვლიდან, საქართველომ დაიწყო უკრაინიდან საომარი მოქმედებების დროს ჩამოსული მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა. მხოლოდ რეფერალური პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსებულია 1,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შემთხვევა. გარდა აღნიშნული პროგრამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია საყოველთაო და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება და სხვა სოციალური ბენეფიტები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრმა ამავე მოსმენაზე ხაზი გაუსვა, რომ დაფინანსების DRG მოდელი უკვე საქართველოშიც წარმატებით მოქმედებს.  

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ფსიქიკური პაციენტების საწოლების რაოდენობა „მინიმუმ გასაორმაგებელია“

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის მასშტაბით არსებული ფსიქიატრიული სერვისის მიმწოდებლების აღწერა დაიწყო. შედეგად, გაირკვა, რომ 1 500 საწოლფონდის ფონზე, მათი რაოდენობა სულ მცირე გასაორმაგებელია. მინისტრის განცხადებით, ბედიანში მყოფი ბენეფიციარები ახალ დაწესებულებაში გადანაწილდებიან. „ქვეყნდღეს, ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 1 500 საწოლი გვაქვს, თუმცა ამ საწოლების რაოდენობა „მინიმუმ გასაორმაგებელია“. ბედიანში, სადაც მძიმე მდგომარეობა იყო, 3-4 თვეში გვექნება 4 მცირე ზომის ფსიქიატრიული დაწესებულება და ეს ბენეფიციარები უკვე იქ გადანაწილდებიან“, - განაცხადა აზარაშვილმა. მინისტრის განცხადებით, მიმდინარე წელს, კახეთში, ორი ფსიქიატრიული დაწესებულება აშენდება. „კახეთში ორი ფსიქიატრიული დაწესებულების პროექტი იყო ჩინელებთან ერთად. სამწუხაროდ, 2019-21 წლებში კოვიდთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მათთან აქტიური კომუნიკაცია არ იყო. მიმდინარე წელს ისევ განვაახლეთ კომუნიკაცია და ის პროექტი, რაც იყო მათთან ერთად შესრულდება და კახეთში ორი ფსიქიატრიული აშენდება“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.  

აზარაშვილი ეპილეფსიის მედიკამენტზე შესაძლო ხელოვნური დეფიციტის შექმნის საკითხს განმარტავს

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტის დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ რეფერენტული ფასი გაზრდილიყო. მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ფარმაცევტული კომპანიების მიერ მსგავსი ქმედება არის სამწუხარო ფაქტი. „რეალურად, მთელი გასული კვირის განმავლობაში, საკმაოდ ბევრი პრეტენზია იყო როგორც ექიმების, ასევე მშობლების მხრიდან. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეპილეფსიით დაავადებული ბავშვების სამკურნალოდ საჭირო ერთადერთი მედიკამენტი იყო დეფიციტში, ვერ ნახულობდნენ ვერცერთ აფთიაქში. შესაბამისი რეაგირება მაშინვე მოვაყოლეთ. როცა ეს ნაშთები გადამოწმდა აფთიაქებსა და საწყობებში, აფთიაქებში არ იყო და საწყობებში დავინახეთ. კომპანიებს განზრახ არ ვამბობ, რადგან მოკვლევის ეტაპზეა. ათასობით კოლოფი იქნა საწყობებში ნანახი. აქ შედგა შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმები, მოვითხოვეთ ამ მედიკამენტის ქსელში გაშვება. სავარაუდოდ, ეს დეფიციტი იმის გამო შეიქმნა, რომ რეფერენტული ფასი, იქნებ გაზრდილიყო. ეს არის სამწუხარო ფაქტი. 7 ათასამდე მედიკამენტია ბაზარზე და ბაზაში. ჩვენ აუცილებლად ყველა ასეთ შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება გვექნება. გამოვავლენთ და შესაბამისი რეაგირება იქნება სანქციების და ადმინისტრაციული კუთხით, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს. კონკურენციის სააგენტო უფრო მეტ დეტალს დაადგენს, თუმცა, ამ ეტაპზე, ეს პრობლემა აღმოფხვრილია,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მისივე თქმით, რეფერენტული ფასი სამწუხაროდ, გაიზრდებოდა, საწყობში ეს ნაშთები უწყებას რომ არ აღმოეჩინა. „დღეს საწყობში საკმარისი მარაგებია, მომდევნო ერთი თვის მოთხოვნა რომ დაკმაყოფილდეს,“- განაცხადა აზარაშვილმა. ჯანდაცვის სამინისტრომ 20 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე, სავარაუდო ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები გამოვლინდა.  

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის მიზნით, განაცხადების მიღება 24 ივლისიდან დაიწყება

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებს მკურნალობის შესაძლებლობა საქართველოსთან ერთად, თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში ექნებათ, რომელთა წამყვან კლინიკებთან კონტრაქტებს ხელი უკვე მოეწერა. მინისტრის თქმით, განაცხადების მიღება ორშაბათიდან დაიწყება. თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის კლინიკებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობას სახელმწიფო დააფინანსებს „კიდევ რაც მინდოდა მეთქვა არის ონკოლოგიური ბავშვების პროგრამასთან დაკავშირებული. იმ კლინიკებთან, რომელიც შეირჩა, უკვე მოეწერა კონტრაქტებს ხელი. ორშაბათიდან შეგვეძლება განაცხადების მიღება და ამ პროცესის ორგანიზება სპეციალური ბორდის მეშვეობით, თუ რომელი ბავშვს რომელ კლინიკაში შეგვიძლია შევთავაზოთ გაშვება, ადგილზე იმკურნალებს თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ. რაც ბავშვისთვის ყველაზე უფრო სასურველი პროცესია დაავადების განსაკურნებლად, შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ. შესაბამისი საბჭო უცხოელი ექიმების ჩართულობით უკვე შევქმენით, რომელიც იმსჯელებს კონკრეტული ბავშვის მდგომარეობაზე და იმ სავარაუდო მკურნალობის მეთოდებზე, რომელიც ამა თუ იმ კლინიკაში შეიძლება გაეწიოს. შემდეგ მოხდება მშობლებისთვის შეთავაზება. შეიძლება ზოგ შემთხვევაში იყოს რეკომენდაცია, რომ საზღვარგარეთაც შეიძლება და საქართველოშიც და თვითონ მშობელს შეეძლება გადაწყვეტა, თუ სად ურჩევნია. საქართველოში იქნება თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ორივე შემთხვევაში ვაფინანსებთ სრულად,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ზურაბ აზარაშვილმა ის კონკრეტული კლინიკებიც დაასახელა, სადაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონდე ბავშვები შეძლებენ მკურნალობას. „საქართველოში იაშვილის კლინიკაშია გარკვეული სერვისები, ასევე ისრაელში „იხილოვის“ კლინიკა , ასევე ესპანეთში „ქირონის“ კლინიკა, სადაც პროტონოთერაპიაც შეგვეძლება გავუკეთოთ და თურქეთში „ანადოლუს“ კლინიკა,“ - განაცხადა მინისტრმა.  

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობისთვის, განცხადებების მიღება დაიწყო

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ, უცხოეთის წამყვან კლინიკებში, სახელმწიფო დაფინანსების მისაღებად, განცხადებების მიღება დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროგრამის პარტნიორი კლინიკებია: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“, ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“ და ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი.“ პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. „პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს 18 წლამდე, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე (დაავადებების საერთაშორისო კლასიფიკაციის (ICD) კოდით) პირი. პროგრამაში მონაწილეობისთვის, მშობელმა ან ოჯახის წარმომადგენელმა უნდა მიმართოს ჯანდაცვის სამინისტროს მიმღებს და ადგილზე გააკეთოს განაცხადი, რისთვისაც საჭიროა: შეივსოს განაცხადის ფორმა (ფორმას, შესავსებად და ხელმოსაწერად, განმცხადებელი, ჯანდაცვის სამინისტროში მიიღებს); ბენეფიციარის და განაცხადის წარმდგენის პირადობის (დაბადების მოწმობა/პასპორტი) დამადასტურებელი დოკუმენტი; ბენეფიციარის ჯანმრთელობის ცნობა - ფორმა N IV–100/ა, შესაბამისი ICD–10 და/ან NCSP კოდების მითითებით (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული); არსებული დიაგნოსტიკური კვლევების პასუხები (მორფოლოგია, CT. და ა.შ) (ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული), პაციენტების განაწილება კლინიკებში მოხდება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით. პროგრამის შესახებ, დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, სადაც ერთ სივრცეში, სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი იქნება ხელმისაწვდომი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს,“- წერია უწყების ინფორმაციაში.  

ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულებები გაფორმდა

18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვებისა და მოზარდების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის პარტნიორ კლინიკებთან ხელშეკრულები გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელმა ეკატერინე ფესტვენიძემ, თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრის“, ესპანეთის „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრისა“ „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრის“ ხელმძღვანელებმა მოაწერეს. ღონისძიების ფარგლებში, ეკატერინე ფესტვენიძემ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების უცხოეთში მკურნალობის პროგრამის პრეზენტაციაც გამართა და იმ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რასაც პროგრამა თითოეულ ბენეფიციარს აძლევს. ეკატერინე ფესტვენიძის განცხადებით, პროგრამა უკვე ერთი კვირაა რაც ამოქმედდა. „ინტერესი ძალიან დიდია, განცხადებები და ზარები მუდმივად შემოდის. უკვე პირველი პაციენტი გავუშვით თურქეთში და დღეს დილით უკვე თურქეთის კლინიკაში სერვისის მიღებას იწყებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ გამოჯანმრთელებული დაგვიბრუნდება. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო მასპინძლობს პარტნიორ კლინიკებს, რომლებიც ჩამოვიდნენ იმისთვის, რომ თანამშრომლობის ფორმალიზება მოხდეს. აქ არიან ყველა პარტნიორი კლინიკის ხელმძღვანელობა, მათ შორის, თურქეთის "ანადოლუს" სამედიცინო ცენტრის, ისრაელის "იხილოვის" სამედიცინო ცენტრის და ესპანეთის პროტოროთერაპიის ცენტრის ხელმძღვანელები," - განაცხადა ფესტვენიძემ. პრეზენტაციები წარმოადგინეს პარტნიორი კლინიკების ხელმძღვანელებმაც - ღონისძიების სტუმრებს, თავიანთი სამედიცინო დაწესებულებები და ამ დაწესებულებებში, ბავშვთა ონკოლოგიის მიმართულებით, არსებული შესაძლებლობები გააცნეს. „ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა, თითოეულ ბენეფიციარს, თანაბარ შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს მაღალტექნოლოგიური, მაღალი ხარისხის, სამედიცინო მომსახურება. მათ ოჯახებს კი მნიშვნელოვნად უმსუბუქდებათ ის ფინანსური წნეხი, რომლის წინაშეც, ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლისას დგებიან. პროგრამა მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე - პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე. პარტნიორ კლინიკებს შორის, პაციენტების განაწილება მათი ინდივიდუალური საჭიროებების, კლინიკის შესაძლებლობებისა და პაციენტის ოჯახის არჩევანის გათვალისწინებით მოხდება. პროგრამას ჯანდაცვის სამინისტრო აფინანსებს და მისი წლიური ბიუჯეტი, დაახლოებით, 30 მილიონი ლარია. პროგრამის განმახორციელებელია „საქართველოს სოლიდარობის ფონდი“. საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში, თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გასხნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. ცენტრში, ერთ სივრცეში იქნება ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

შემოწმებული კლინიკების 20%-ს რეანიმაციის და ქირურგიის ნებართვები შეუჩერეს

საქართველოში შემოწმებული კლინიკების 20% რეანიმაციის ან ქირურგიის ნაწილში სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, იმ სამედიცინო დაწესებულებებს, სადაც დარღვევები გამოვლინდა, ქირურგიის და რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ. „შემოწმებული კლინიკების დაახლოებით, 20% ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს. არ იყო იქ მხოლოდ რეანიმაცია, იყო ქირურგიის სტანდარტიც და მათ შესაბამისი ქირურგიის და რეანიმაციის ნებართვები შეუჩერდათ. მათ ჩვეულებრივად შეუძლიათ გააგრძელონ ყველა ის საქმიანობა, სადაც შესაბამისი ნებართვები აქვთ. მხოლოდ ეს ორი კომპონენტი შეუჩერდათ. ზოგს ან რეანიმაცია, ან ქირურგია, თუმცა, საერთო ჯამში ვფიქრობ, რომ ნორმალური სურათია და არ არის საგანგაშო მდგომარეობა, რომ რომელიმე რეგიონში ან ქალაქში ხელმისაწვდომობის პრობლემა შეგექმნას. ეს არის მოწესრიგების პირველი ეტაპი, ასე დავარქმევდი, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მომდევნო წლის ბოლომდე კლინიკებმა ისედაც სრულად უნდა დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტი და ესეც ამის ერთ-ერთი ნაწილი იქნება,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.  

GMP სტანდარტით იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტები საქართველოში იმპორტით შემოდის

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ GMP სტანდარტით იმ უცხოური საწარმოების შემოწმება დაიწყო, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში იმპორტით შემოდის. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შემოწმების მიზანია ქვეყანაში მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მაღალი ხარისხის წამლის მიმოქცევის უზრუნველყოფა. „პროექტის ფარგლებში, პირველად ბანგლადეშში მდებარე ის რამდენიმე საწარმო შემოწმდა, საიდანაც საქართველოს ბაზარზე 35 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტი შემოდის. ინსპექტირების ფარგლებში სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები ბანგლადეშში მდებარე Drug International Limited-ის სამ საწარმოში იმყოფებოდნენ. ადგილზე დეტალურად შემოწმდა წარმოების პროცესი, შენობა-ნაგებობები, დანადგარები, საწარმოო და ხარისხის კონტროლის ოპერაციები, მასალების მართვა და ყველა პროცედურა, რომელიც აუცილებელია საქართველოში მოქმედი GMP სტანდარტის დასაკმაყოფილებლად. ინსპექტირებისას აღმოჩენილი შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად განისაზღვრება გონივრული ვადა, მომდევნო ნაბიჯებს კი რეგულირების სააგენტო განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მიხედვით განახორციელებს. რეგულირების სააგენტო ბანგლადეშის შემდეგ ინდოეთსა და უზბეკეთში მდებარე იმ საწარმოებს შეამოწმებს, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში შემოდის. იმპორტირებული მედიკამენტების მწარმოებელთა ინსპექტირება დამკვიდრებული პრაქტიკაა თურქეთსა და ევროპაში, რომლებთანაც საქართველო ფარმაცევტულ სექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული GMP სტანდარტი, რომლის მიხედვითაც საწარმოები მოწმდება, ევროკავშირის მიერ აღიარებული სტანდარტების შესაბამისია. ჯანდაცვის სამინისტრო ეტაპობრივად ქვეყანაში იმპორტირებული წამლების ყველა მწარმოებელი კომპანიის ინსპექტირებას გეგმავს. აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიებისთვის GMP სტანდარტი, ანუ კარგი საწარმოო პრაქტიკა, სავალდებულო 2022 წლის იანვრიდან გახდა,“ – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.  

საზღვარგარეთ მომუშავე ქართველი ექიმები საქართველოში საქმიანობას გამარტივებულად შეძლებენ - სამინისტრო

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი ექიმები, საქართველოში, პროფესიულ საქმიანობას გამარტივებული წესებით შეძლებენ. შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „სამინისტროს ინიციატივით, ექიმებს, რომლებსაც შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი და საექიმო საქმიანობის ნებართვა აქვთ, სამშობლოში, პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას ავტომატურად, ზედმეტი ბიუროკრატიისა და ბარიერების გარეშე, ნებისმიერ დროს შეძლებენ. მათ მიერ, მხოლოდ საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენაა საჭირო, რის შემდეგაც პროაქტიულად მიენიჭებათ სახელმწიფო საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი. გამარტივებული წესით, აშშ-ში, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში, ასევე - კანადაში, ავსტრალიაში, ისლანდიაში, ისრაელში, თურქეთში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ახალ ზელანდიაში, ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ლიხტენშტაინსა და სამხრეთ აფრიკაში მოღვაწე ქართველი ექიმები ისარგებლებენ,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ფსიქოტროპული მედიკამენტის ათასობით რეცეპტის უკანონოდ გაცემის გამო, სამ სამედიცინო დაწესებულებას და ექიმებს საქმიანობა აეკრძალათ

ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, შპს „ამბულატორიული კლინიკის“ თბილისისა და გორის ფილიალის, ასევე შპს „ჯანმრთელობა ყველასთვის 3“ შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დაწესებულებები, ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს, უკანონოდ ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევების გარეშე გასცემდნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში, მხოლოდ მიმდინარე წელს, სამედიცინო ჩვენების გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტის 3 457 რეცეპტი გამოწერეს, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა და საქართველოში გამოწერილი რეცეპტების ჯამური ოდენობის, დაახლოებით, 50%-ს შეადგენს. „აღსანიშნავია, რომ დანიშნულების გაცემისას, არ არის გათვალისწინებული მედიკამენტური მკურნალობის, დოზირების და ხანგრძლივობის პრინციპები. კერძოდ, ექიმი ფსიქოტროპული მედიკამენტის გამოწერას გადაჭარბებული დოზით ახდენდა, რითაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა პაციენტის ჯანმრთელობას. დარღვეული იყო მკურნალობის ყველანაირი პროტოკოლი და გაიდლაინი. ათასობით პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ კლინიკის დირექტორი და სამედიცინო პერსონალი არაკეთილსინდისიერად მოქმედებდნენ, ანგარების მოტივით გამოუსწორებელ ზიანს აყენებდნენ ათასობით პაციენტის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ხელს უწყობდნენ ქვეყანაში ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტების უკანონოდ და უკონტროლოდ მიმოქცევას. აღსანიშნავია, რომ სამივე დაწესებულებას ერთი მესაკუთრე და საერთო სამედიცინო პერსონალი ჰყავს. აღნიშნული ამბულატორიების საქმიანობა კი მხოლოდ ფსიქოტროპული მედიკამენტის რეცეპტების უკანონოდ გამოწერით შემოიფარგლებოდა. აღნიშნული დაწესებულის 3 ექიმს, ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ, სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმა. მძიმე გარემოებების გათვალისწინებით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე, სასამართლომ სამივე დაწესებულებას, ხელმძღვანელსა და 3 ექიმს საქმიანობა აუკრძალა. საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურას და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა,“ - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამერიკის საელჩო: აშშ ჯანდაცვის უსაფრთხოების კუთხით საქართველოს აქტიურად უჭერს მხარს

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო პროგრამის 18 რეზიდენტს კურსის დამთავრება მიულოცა. ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.   „ჯანდაცვის პროფესიონალების გაძლიერება სიცოცხლის გადარჩენაში გვეხმარება. ელჩმა დანიგანმა ერთიანი ჯანმრთელობის საველე ეპიდემიოლოგიის საბაზისო პროგრამის 18 რეზიდენტს კურსის დამთავრება მიულოცა. ეს პროფესიონალები მზად არიან დაავადებათა პრევენციის, მათ გავრცელებაზე რეაგირებისა და სხვა გადაუდებელ სიტუაციებზე საპასუხოდ, რაც აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და გლობალური ფონდის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.   საქართველო აშშ-ის ინტენსიური მხარდაჭერის ქვეყანაა ჯანდაცვის უსაფრთხოების კუთხით და სიამაყით ვუჭერთ მხარს მის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად იყიდება - ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, აფთიაქებში, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად, ზოგ შემთხვევაში 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატით იყიდება. უწყების განცხადებით, აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტებს, დიდ ფარმაცევტულ ქსელებში, თითქმის, იდენტური ფასი აქვს. „ჭარბი ფასნამატი და ფასების ერთმანეთთან თანხვედრა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ადგილი აქვს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენებას. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა. არსებული არასამართლიანი ფასებითა და  არაჯანსაღი კონკურენციით, სექტორი მაქსიმალური მოგების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. ნათელია, რომ მედიკამენტებზე არ ხდება თავისუფალი ფასწარმოქმნა, ბაზარზე მოქმედ დიდ ეკონომიკურ აგენტებს შორის, შეთანხმების საფუძველზე კი - იზღუდება ჯანსაღი კონკურენცია. მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების მიერ, წარმოებული საფასო პოლიტიკა კარტელური გარიგების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, საკითხის შესწავლის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს, რომელსაც ყველა საჭირო დოკუმენტს გადასცემს. საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ მედიკამენტებზე, უახლოეს მომავალში, სახელმწიფო სამართლიან, რეფერენტულ ფასებს (ფასის ზედა ზღვარს) დააწესებს, რომელზე მაღალ ფასადაც მათი გაყიდვა აიკრძალება,“ - წერია ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ჯანდაცვის სამინისტრო: წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა

წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა. ფასის ზედა ზღვარი, ჯამში, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზეა განსაზღვრული. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. უწყების ცნობით, რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი, იმ წამლებზეც გავრცელდა, როლებზეც ფარმაცევტულ ქსელებს ჭარბი ფასნამატი ჰქონდათ განსაზღვრული და იმპორტის ფასთან შედარებით 1000%, 2000% და 3000%-ით ძვირად ყიდდნენ. მედიკამენტები, რომლებზეც რეფერენტული ფასი ჯერ არ მოქმედებს, იმპორტის ფასთან შედარებით, 32-ჯერ ძვირად იყიდება - ჯანდაცვის სამინისტრო „რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმი ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე, ანტიბიოტიკებზე, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე, ანტიჰისტამინურ, ანთების საწინააღმდეგო, ფსიქოლეფსიურ, კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე მოქმედ, ტკივილგამაყუჩებელ, ფსიქოტროპულ, ანტივირუსულ და ანტიჰელმინთურ წამლებზე მოქმედებს. წამლების ჩამონათვალი რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება. რეფორმის მიზანი, მოქალაქეებისთვის მედიკამენტებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. რეფორმა ფარმაცევტული პროდუქტის ფასებს საშუალოდ, 40%-ით ამცირებს. მედიკამენტების ჩამონათვალისა და მაქსიმალური ზღვრული ფასის შესახებ ინფორმაცია აღნიშნულ გვერდზეა განთავსებული,” - ნათქვამია ინფორმაციაში.  

ონკოლოგიური პაციენტებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 8 დასახელების მედიკამენტი იქნება ხელმისაწვდომი

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებს, NOVARTIS-ისგან, პირდაპირი შესყიდვის გზით შეიძენს. საუბარია 8 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტზე. „უწყებამ, ინოვაციური ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტის შესასყიდად, მსოფლიოს წამყვან კიდევ ერთ ფარმაცევტულ კომპანია „ნოვარტისთან“  გააფორმა ხელშეკრულება. შედეგად, 2024 წელს, პაციენტები, 8 დასახელების სხვადასხვა მედიკამენტს, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიიღებენ. ეს მედიკამენტებია: „კისქალი“, „ჯაკავი“, „მეკინისტი“, „ტაფინლარი“, „ვოტრიენტი“, „აფინიტორი“, „ზომეტა“, „ფემარა.“ უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით შესყიდვის მიზანი, მოსახლეობისთვის, მედიკამენტებზე, მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა. ცვლილებით, მნიშვნელოვნად ფართოვდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა და იზრდება ბენეფიციართა მოცვა. შედეგად, თითოეული პაციენტი, ჯანდაცვის სამინისტროსგან, მკურნალობისთვის საჭირო რაოდენობის მედიკამენტებს მიიღებს. „ნოვარტისი“ მეორე მწარმოებელია, რომლისგანაც, ჯანდაცვის სამინისტრო, ინოვაციურ მედიკამენტებს, პირდაპირი წესით შეისყიდის  -  უწყებამ, კომპანია „როშესთან“, ხელშეკრულება 2023 წლის ნოემბერში გააფორმა. ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მოლაპარაკებებს მსოფლიოს იმ წამყვან მწარმოებლებთან, რომელთა მედიკამენტებიც საქართველოში ფართოდ გამოიყენება და სახელმწიფო დანახარჯების ყველაზე დიდი წილი მოდის. წამლების უშუალოდ მწარმოებლისგან შესყიდვა, მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმების ნაწილია. მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების შემცირების მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წელს თურქული ფარმაცევტული ბაზარი გაიხსნა, დაინერგა ელექტრონული რეცეპტების სისტემა, 2023 წლიდან კი, 5 000-ზე მეტ მედიკამენტზე რეფერენტული ფასი ანუ ზედა ზღვარი დაწესდა. აღნიშნული ერთიანი რეფორმები, მედიკამენტების ფასის, საშუალოდ, 60%-ით შემცირების შესაძლებლობას იძლევა,“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ - მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებაზე

ჯანდაცვის მინისტრმა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში - ბრალდება ძალიან მძიმეა. როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, დადასტურდა, რომ აღნიშნული 4 კომპანია მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ. „დღეს კონკურენციის სააგენტოს მიერ დადასტურდა ის სამარცხვინო და ძალიან მძიმე ფაქტი, რასაც რამდენიმე თვის განმავლობაში საფუძვლიანი ეჭვებისა და მყარი არგუმენტების საფუძველზე ვამბობდით. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საბოლოოდ გაასაჯაროვა თითქმის 9-თვიანი მოკვლევის შედეგები. ეს შედეგები ძალიან სამწუხაროა. დადასტურდა, რომ ეს კომპანიები მიზანმიმართულად, ხალხის და სახელმწიფოს წინააღმდეგ, თან ყველაზე უფრო მძიმე პაციენტების მიმართ ძალიან ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ; ცდილობდნენ მედიკამენტებზე ფასის გაზრდას. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასები 3-4-ჯერ გაიზარდა და ამის საფუძველზე ხდებოდა მათი ლიმიტების ნაადრევად ამოწურვა და ეს ადამიანები რჩებოდნენ მედიკამენტების გარეშე თვეების განმავლობაში, რაზეც სახელმწიფოს მყისიერი რეაგირება ჰქონდა. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს, რომელმაც ძალიან კვალიფიციურად შეისწავლა აღნიშნული ფაქტები და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო. მინდა, მივმართო ფარმაცევტულ კომპანიებს და ჩვენი მოსახლეობა დავამშვიდო, რომ სახელმწიფო ყოველთვის იზრუნებს მათ კეთილდღეობაზე და რეაგირება ყოველთვის იქნება ძალიან მკაცრი,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარსადგენად. „ბრალდება ძალიან მძიმეა. მასალებზე დაყრდნობით, რაც კონკურენციის სააგენტომ ჩვენგან ამოიღო, ასევე ფარმაცევტულ კომპანიებს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ არგუმენტების წარმოსადგენად, დასტურდება, რომ ეს იყო ცალსახად გარიგებული კონკრეტულ მედიკამენტებზე, ზუსტად 1 თეთრის სიზუსტით ხდებოდა. როცა მედიკამენტები ათასობით ლარი ღირს, ალბათობა თეორიულადაც მინიმალურია, რომ ოთხმა კომპანიამ ერთი და იგივე ფასი შესთავაზოს სახელმწიფოს. ეს იყო წინასწარგანზრახული, მიზანმიმართული, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასით მომხდარიყო სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურება და ამ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება. ონკოლოგიურ მედიკამენტებზე წლიური ლიმიტი გვაქვს და სწორედ იმ ლიმიტიდან ხდებოდა ამ თანხების გახარჯვა და ადამიანები მედიკამენტების გარეშე რჩებოდნენ,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, ფარმაცევტულ სექტორში, 4 კომპანია შეთანხმებული ქმედების გამო დააჯარიმა - “ავერსის”, გეფას (ჯი პი სი და “ფარმადეპო”), პსპ-სა და “მერმისის” მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფასების შეთანხმება, ფასების ფიქსაცია დადგინდა. ჯანდაცვის სამინისტრო ასახელებს სხვა დარღვევებსაც, რომელიც სამინისტრომ მიმდინარე წელს გამოავლინა. უფრო კონკრეტულად, უწყების ინფორმაციით, გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები, ასევე, გამოვლინდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. „კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, „პსპ ფარმა“, „ავერსი“ „ფარმადეპო“ „ჯიპისი“ და „მერმისი“ 52 797 934 ლარით დააჯარიმა. მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ ფარმაცევტული კომპანიები მოსახლეობისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. კერძოდ „პსპ ფარმამ“, „ავერსმა“ „ფარმადეპომ“ „ჯიპისიმ“ და „მერმისმა“ ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ერთი თეთრის სიზუსტით, იდენტური ფასები წარადგინეს. ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მაქსიმალური ფინანსური მოგების მიზნით, ადგილი ჰქონდა შეთანხმებულ, კარტელურ გარიგებას. კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა ჯანდაცვის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაჯანსაღი კონკურენციის, ფასების ხელოვნური ზრდის, შეთანხმებული ქმედებებისა და მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის ფაქტები, მიმდინარე წელს, არაერთხელ გამოავლინა. დაფიქსირდა 1000%, 2000% და 3000%-იანი ფასნამატები და იდენტური ფასები მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასები არ იყო ამოქმედებული; გამოვლინდა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების ხელოვნურად გაზრდისა და და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებასთან გათანაბრების ფაქტები; გამოვლინდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან, ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატზე (დეპაკინი ხრონო), ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტები. ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია მსგავსი არაკეთილსინდისიერი, სახელმწიფოსა და მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. უწყებას თითოეულ დარღვევაზე ექნება მკაცრი რეაგირება,“ - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.  

მინისტრი ფარმაცევტულ კომპანიებს ხელოვნური საბოტაჟის მცდელობაში ადანაშაულებს

„იყო ხელოვნური საბოტაჟის მცდელობა, კონკრეტულ მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნა. ასევე, იმ მედიკამენტებზე, რომლებზეც რეფერენტული ფასი გავრცელებული არ იყო,  ფასების მკვეთრი ზრდა-მსგავსი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად იქნება თავიდან აცილებული,“-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე სახელმწიფოს ყოველთვის მკაცრი რეაგირება ექნება. „სამწუხაროდ, დამატებით ტენდენციაა, როდესაც ისეთი მედიკამენტების, რომლებიც რეცეპტული არ არის და შეიძლება ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებს ან ვიტამინებს ეხებოდეს, ფასებიც იზრდება და რეცეპტებში ამას ხელოვნურად წერენ. თუმცა ამაზეც ყოველთვის  გვექნება მკაცრი რეაგირება. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში მოწესრიგდება ფარმაცევტული ბაზარი. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ სახელმწიფო ზრუნავს მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები მომავალში მაქსიმალურად თავიდან იქნება აცილებული“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ყველაზე მძიმე პაციენტების მიმართ ვერაგული მეთოდების გამოყენებას ცდილობდნენ - მინისტრი ფარმაცევტული კომპანიების დაჯარიმებაზე კონკურენციის სააგენტომ "ავერსი", "პსპ", "გეფა" და "მერმისი" ჯამში 53 მილიონამდე ლარით დააჯარიმდა. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.   

ჯანდაცვის მინისტრი გრიპზე: პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს, პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ - კლინიკები გადავსებული არ არის და ამ კუთხით არანაირი საშიშროება არ არსებობს. მინისტრის თქმით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინები ქვეყანაში ხელმისაწვდომია და მისი გაკეთება ყველა მსურველს შეუძლია. „ჩვენ ქვეყანაში გრიპის ვაქცინები ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში შემოვიტანეთ. რამდენიმე კომპონენტის ვაქცინები იყო და აქტიურად მოუწოდებდა სამინისტრო სხვადასხვა კამპანიებით მოსახლეობას, რომ გაეკეთებინათ შესაბამისი აცრა. დღეს რაც ხდება - ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური გრიპი ტრიალებს. არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, გარკვეულ პიკურ მაჩვენებელს აღწევს, ვთქვათ, იანვრის ბოლომდე, თუმცა არანაირი განგაშის საფუძველი აქ არ არის. ძირითადად, შეიძლება გამოხატული იყოს ბავშვებში ეს ვირუსი, თუმცა არაფერი განსაკუთრებული, ისეთი, რომ რაიმე პანიკის საფუძველი იყოს, ჩვენ ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა აზარაშვილმა. კლინიკების შესაძლო გადავსებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, მინისტრმა აღნიშნა, რომ სამედიცინო დაწესებულებები გადავსებული არ არის და ამის არანაირი საშიშროება არ არსებობს. „არც კლინიკები არ არის გადავსებული და ამ კუთხით არც არანაირი საშიშროება და საფრთხე არ არსებობს. კლინიკები არც გადავსებული არ არის და არც შესაძლოა, რომ გადაივლოს. ეს ჩვეულებრივი სეზონური გრიპები ტრიალებს ქვეყანაში. განსაკუთრებული არაფერი ხდება,“ - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ივანე ჩხაიძე: ვირუსების გავრცელების აქტიური ფაზაა  

როგორ მიიღებენ საცხოვრებელ ფართებს მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახები

უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ ათასამდე მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელ ფართებს გადასცემენ. პროგრამა ორ წელს მოიცავს და მისი ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს. საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება, იყოს ოჯახი სამი და მეტი ბავშვით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოჯახებს, რომელთა არცერთი წევრი რეგისტრირებული არ არის დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დევნილთა ან ეკომიგრანტი ოჯახების ერთიან ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში. ასევე, თუ უსახლკარო ოჯახის წევრს სახელმწიფოსგან უკვე მიღებული არ აქვს საცხოვრებელი ფართი ან სათანადო ფულადი კომპენსაცია საცხოვრებელი ფართის შესაძენად. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, მრავალშვილიან ოჯახებს შესაბამისი კრიტერიუმებით შეაფასებს კომისია, რომელიც დევნილთა სააგენტოში შეიქმნება. „ოჯახები განაცხადს შეიტანენ ჯანდაცვის სამინისტროს მუნიციპალურ ცენტრებში. ჩვენ მუნიციპალიტეტებიდან გვაქვს ინფორმაცია და, სავარაუდოდ, ასეთი ოჯახები აღრიცხულია. ამის საფუძველზე პროაქტიულად ჩვენ თვითონაც მივმართავთ და თვითონაც შეძლებენ განაცხადის შეტანას." შეკითხვას, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ხომ არ უკავშირდება 2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს, აზარაშვილმა უპასუხა: „რადგან საარჩევნო წელია, ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი არ უნდა გავაკეთოთ. ეს გადაწყვეტილება ფორმალურად გაფორმდა 2024 წლის პირველ მთავრობის სხდომაზე, თუმცა პროექტზე მუშაობა დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა: სხვადასხვა ინფორმაციის გამოთხოვა მუნიციპალიტეტებიდან, პროექტის დიზაინზე მუშაობა და სხვ. წელს უკვე იწყება ეს პროგრამა და შესაბამისად, არანაირი კავშირი საარჩევნო წელთან არ აქვს, მით უმეტეს გაუგებარია, რა იგულისხმება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში. თანხა გამოიყოფა კონკრეტული მიზნობრიობით," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.  აზარაშვილის განმარტებით, სამინისტროს აქვს შესაბამისი ოჯახების ბაზა, თუმცა მუნიციპალური ცენტრებისთვის განაცხადით მიმართვა თავად მოქალაქეებსაც შეუძლიათ.  

“საქართველომ აშშ-ის ინსტიტუციური მხარდაჭერის ქვეყნის სტატუსი მიიღო“ - ქვეყნები ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე შეთანხმდნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტში, მხარეთა ხუთწლიანი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებებია გათვალისწინებული. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „მემორანდუმი მიზნად ისახავს დაავადებათა ზედამხედველობის არსებული სისტემების გაუმჯობესებას, ინფექციური დაავადებების პრევენციის, დროული აღმოჩენისა და რეაგირების მიზნით, ძალისხმევის გააქტიურებას, ტექნიკური დახმარების გაწევას საბაზისო/სამეცნიერო კვლევების განვითარებისთვის. ასევე - ჯანდაცვისა და ვეტერინარიის სექტორში, ადამიანური რესურსების სწავლებასა და შესაძლებლობების განვითარებას.“ „მათ შორის - რეგიონული სასწავლო კურსების მეშვეობით, რომელიც საქართველოში CDC-ის რეგიონული ოფისის ტექნიკური დახმარებით ხორციელდება. დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის ადამიანური რესურსების უწყვეტი პროფესიული მომზადება და განვითარების ეფექტური და მდგრადი სტრუქტურის ჩამოყალიბება. სამმხრივ მემორანდუმს ხელი ზურაბ აზარაშვილმა, ოთარ შამუგიამ და კაილა ლასერსონმა მოაწერეს.“ გლობალური ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი კაილა ლასერსონი: მემორანდუმზე ხელმოწერით ჩვენ ვადასტურებთ თანამშრომლობის მზაობას საქართველოსთან და ორივე სამინისტროსთან. ჩვენ მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაქვს, რომლის გაგრძელებაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულებით გვსურს. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი თუშარ საინი: ახლახან საქართველომ მიიღო აშშ-ს ინსტიტუციური მხარდაჭერის ქვეყნის სტატუსი გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების სფეროში. საქართველომ გადადგა დიდი ნაბიჯი, ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერისა და დაავადებათა საფრთხეებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად. ამრიგად, NCDC-ს აქვს ურყევი ნება აღნიშნული თანამშრომლობის მიმართულებით. ასევე წაიკითხეთ: Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუ ამერიკელ მაღალჩინოსანთან

ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებაა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე – ირაკლი მხეიძე წარუდგინა.  ირაკლი მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „ზურაბ აზარაშვილმა, თამილა ბარკალაიას, რომელიც მინისტრის  მოადგილის თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა, ნაყოფიერი საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.  

ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის სახელმწიფო პროგრამა გაფართოვდა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალო პროგრამას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“ და ორი სხვა კლინიკა, მათ შორის „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ დაემატა. ჯანდაცვის უწყების განცხადებით, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში. კლინიკებს შორის, რომლებშიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სახელმწიფო დაფინანსებით მკურნალობაა შესაძლებელი ასევე არის: თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრი“; ესპანეთის „ქირონ სალუდის სამედიცინო ცენტრი“; ისრაელის „იხილოვის სამედიცინო ცენტრი“. უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო, აქტიურად მუშაობს ევროპის სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებთანაც. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოში ამოქმედდა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, დღემდე, პროგრამაში, 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი- ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია. „18 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გარდამავალი ეტაპია, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების, მაღალტექნოლოგიური აპარატურით აღჭურვილი ბავშვთა ონკოლოგიური სახელმწიფო ცენტრის გახსნამდე, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დეკემბერში დააანონსა. აღნიშნულ ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება სამედიცინო სერვისების სრული სპექტრი, ერთ სივრცეში. ამ მიმართულებით, ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურ სამუშაოებს ახორციელებს,“ - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.  

ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.   „საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.   ჯანდაცვის ახალ მინისტრს მთავრობის მეთაური უახლოეს დღეებში წარადგენს,“ იუწყება საქართველოს მთავრობის პრესსამსახური.

აზარაშვილმა თანამდების დატოვების შემდეგ განცხადება გაავრცელა

„რასაკვირველია, სახელმწიფო კლინიკების როლის გაძლიერება და მათ შორის, თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო - ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ, შესაცვლელი პროპორციაა,“ - ამის შესახებ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი Facebook-ზე წერს. აზარაშვილის თქმით, მისი გუნდის ყველა გადაწყვეტილება ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა, ერთდღიან პიარაქტივობაზე. „მე, ჩემს საამაყო გუნდთან ერთად შევძელი ისტორიის ერთი მოკრძალებული ფურცელი დამეწერა. მადლობა მათ მრავალსაათიან შრომაში გატარებული ყოველი დღისთვის. ბედნიერი ვარ, რომ არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც არ გავატარეთ ან იდენტიფიცირებული და პროცესში არაა. რასაკვირველია, სახელმწიფო კლინიკების როლის გაძლიერება და მათ შორის, თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. ბოლო 20 წელია შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა. შესაბამისად, იმ ნიშნულამდე, წელს თებერვლის თვეში სადაც პროექტი მივიყვანეთ, არასდროს არავინ მისულა. მჯერა, რომ ის სამოქმედო გეგმა, რაც დაწყებული გვქონდა, სხვა განხილული ალტერნატივებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯებით და ეკონომიკური ეფექტით რამდენიმე წელიწადში მიიყვანდა ქვეყანას უკონკურენტო, თანამედროვე, მრავალპროფილური სამკურნალო დაწესებულების შექმნამდე. ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ შესაცვლელი პროპორციაა. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე. ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის განმავლობაში ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი, ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა. წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი მენეჯერული უნარებით გულწრფელად გააგრძელებს ჩვენს მონაპოვარს, აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა და, შესაბამისად, მოსახლეობა და ბიუჯეტი კიდევ უფრო დაცული იქნება, კეთილდღეობა კი ყველა მოქალაქეზე აისახება. მე კი ვრჩები ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად და სამინისტროს გულმხურვალე გულშემატკივრად,“ - წერს აზარაშვილი.  

პროკურატურა ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეს იძიებს

გენერალურ პროკურატურაში საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ონკომედიკამენტების რეალიზების საქმეს იძიებენ. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსმა" გაავრცელა. პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიმართვა, რომ 2023 წლის განმავლობაში, ერთ-ერთმა კერძო კომპანიამ საზღვარგარეთიდან საქართველოს ბაზარზე დაშვების უფლების არმქონე ფარმაცევტული პროდუქტი, ძირითადად ონკომედიკამენტები შემოიტანა. უწყების ცნობით, მედიკამენტები რეალიზებული იქნა პაციენტებზე, როგორც მათი პირადი სახსრების გამოყენებით, ასევე სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით არის გათვალისწინებული. „სისხლის სამართლის საქმეზე შემჭიდროვებულ ვადებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, რომლის შედეგებზე მოხდება საზოგადოების ინფორმირება,"  აცხადებენ უწყებაში. დღესვე, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პირველი საჯარო განცხადება გააკეთა თანამდებობის დატოვების შემდეგ - იგი მინისტრობის პერიოდში საკუთარი მიღწევებიდან გამოყოფს: თურქული წარმოების იაფი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანაზე გადაწყვეტილება; საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფების დადგენა (დრჯ); ონკოპაციენტებისთვის მედიკამენტების სახელმწიფო შესყიდვა; ონკოპაციენტი ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა;დიალიზის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. აზარაშვილის თქმით, სულ მცირე 60 ონკოლოგი საეჭვო მედიკამენტების შემოტანაშია ჩართული.  

სუროგატი დედის მშობიარობას სახელმწიფო არ დააფინანსებს

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში დაფინანსებული სერვისების ჩამონათვალი მცირდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 2024 წლის 29 თებერვალს გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უარს ამბობს დაფაროს სუროგატი დედის მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ხარჯი. აღნიშნულის შესახებ საუბარია საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე 29 თებერვალს გამოქვეყნდა. კერძოდ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილება შევიდა და განისაზღვრა, რომ პროგრამის ფარგლებში არ ანაზღაურდება სუროგატული დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები.  

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა

ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა. სარჯველაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. „როგორც მოგეხსენებათ, გასული ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ორად გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი აუცილებლად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების, გამოცდილების მიმართ განსაკუთრებული ნდობა მაქვს. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯველაძე. მას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. 2012 წლამდე ბატონი მიხეილი ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, 20121 წლის შემდეგ მას საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. შეგახსენებთ, მიხეილ სარჯველაძე იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. მოგვიანებით, ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 21012 წლიდან ის გახლავთ საპარლამენტო გუნდის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მინდა, წარმატებები ვუსურვო მიხეილ სარჯველაძეს, რომელიც დღეიდან რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიმართულებას გაუძღვება. ეს არის ჯანდაცვა, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა, დევნილების ინტერესების დაცვა, დასაქმება და შრომის საკითხები. გამოწვევა არის უამრავი. ყველა მიმართულებით არის სერიოზული გამოწვევა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, მისი პროფესიონალიზმი და გამორჩეული პიროვნული თვისებებით იქნება საუკეთესო მინისტრი და მნიშვნელოვან წარმატებას მოუტანს ამ დარგს“, - განაცხადა კობახიძემ. მიხეილ სარჯველაძემ ამ პოსტზე ზურაბ აზარაშვილი შეცვალა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თბილისის საკრებულოს დეპუტატი ლევან ჟორჟოლიანი იქნება. ლევან ჟორჟოლიანი თბილისის საკრებულოს დეპუტატია 2017 წლიდან. ის მე-6 და მე-7 მოწვევის საკრებულოებში იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა. ჟორჟოლიანი მუნიციპალიტეტის საკრებულოში პარტია "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა. კანონმდებლობის მიხედვით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ მას საკრებულოში თანამდებობის დატოვება მოწევს. 2024 წლის პირველ მარტამდე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე იყო. მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი 29 თებერვალს მოაწერა.  

ჯანდაცვის მინისტრის ორმა მოადგილემ თანამდებობები დატოვა

ირაკლი მხეიძემ და ილია ღუდუშაურმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტები დატოვეს. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ვინ დაიკავებს მინისტრის მოადგილეების თანამდებობებს, უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ. თამარ გაბუნია, რომელიც ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობას ასრულებდა, ისევ ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. ჯანდაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე 11 მარტს დაინიშნა. დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი მინისტრი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში თავად წარადგინა.  

ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებას ზრდის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების ხარჯების დაფინანსებას ზრდის. მინისტრმა მიხელ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება პაციენტებთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტრო ონკოპაციენტების დაფინანსებისთვის გამოყოფილ 25-ათასლარიან ლიმიტს უცვლელს ტოვებს, თუმცა ამ თანხაში აღარ იანგარიშებს მათთვის საჭირო მედიკამენტებს, რომლებსაც უწყება ისედაც ყიდულობს. „პრაქტიკულად გამოირიცხება, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა და განმარტა, რომ ეს ცვლილება შეეხება იმ პაციენტებსაც, რომლებმაც აქამდე მოქმედი დაფინანსების წესით გათვალისწინებული 25-ათასლარიანი ლიმიტი ამოწურეს. ონკოპაციენტები და მათი ოჯახის წევრები მკურნალობის დაფინანსების წესის შეცვლის მოთხოვნით თბილისში აქციებს ხშირად მართავდნენ. მათი თქმით, დაფინანსების არსებული მოდელი ვერ უზრუნველყოფდა პაციენტების ნაწილის სრულად განკურნებას.  

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს - თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნენ. შესაბამის ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით, თეა გიორგაძე „საპარტნიორო ფონდის“ სამედიცინო კონსულტანტი იყო. სხვადასხვა წლებში, ის, ჯანდაცვის სამინისტროში არაერთ პოზიციაზე მუშაობდა. მიხეილ სარჯველაძის მოადგილედ დაინიშნა ირინე წაქაძეც, რომელიც,აღნიშნულ პოზიციამდე იუსტიციის სამინისტროში, სამართალშემოქმედების დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა. მას სახელმწიფო უწყებაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა გიორგი პატარიძე. ის, 2021 წლამდე იუსტიციის სამინისტროს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის” - გენერალური დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე, კი იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო. სახელმწიფო უწყებების გარდა, გიორგი პატარიძეს აქვს კერძო სექტორში მუშაობის წარმატებული გამოცდილებაც.