„პარტნიორებთან დაწყებული გვაქვს მუშაობა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებაზე გამოყოფილი ხუთი მილიონი ლარის გარდა გვაქვს ძალიან დიდი მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა გრანტებით დაფინანსდება, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუს დროს.
„წელს სავარაუდოდ, დავიწყებთ კონცეპტუალურ მოდელზე მუშაობას და 2023 წელს დავიწყებთ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ოფისის მშენებლობას, რომელიც თანადაფინანსებული იქნება ჩვენი და ჩვენი ბრიტანელი პარტნიორების მიერ. ეს არ იქნება ასახული ამ თანხაში, ეს ცალკე ასიგნებაა და ჯამში, ჩვენი ძალისხმევა არის გაცილებით მეტი, ვიდრე 5 მილიონი ლარი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ამ განცხადებით თავდაცვის მინისტრმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად საკმარისია გამოყოფილი ხუთი მილიონი ლარი კიბერუსაფრთხოების მიმართულებაზე იმ მასშტაბური გამოწვევების დასაძლევად, რომელიც შეიძლება, თავდაცვის სისტემასთან მიმართებით არსებობდეს.
შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება, ომის წარმოების პრინციპებიდან გამომდინარე თავდაცვის სისტემა გახდეს პასუხისმგებელი მთლიანად კიბერუსაფრთხოების ნაწილზე, რადგან ჩვეულებრივი მოქალაქეები შესაძლოა, საჭიროებდნენ გარკვეულ ინფორმაციაზე წვდომას და გარკვეული მოცემულობიდან გამომდინარე მათ ამ ინფორმაციაზე წვდომა შეიძლება, შეეზღუდოთ, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ ზოგადად, სახელმწიფო ამ მიმართულებით მუშაობს.
„ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილი და ამაზე სხვადასხვა სამსახური მუშაობს. არის ინფორმაცია და რისკები, რაც შეიძლება, ქვეყანაში ელექტრონულად შემოვიდეს და სახელმწიფო ამის უზრუნველყოფასაც ახდენს, რომ ამან თუნდაც, ნებისმიერი ადამიანი არ დააზარალოს. ასე რომ, სახელმწიფო ამ მიმართულებითაც მუშაობს და ეს სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნქციაა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ბოლო რამდენიმე წელია, განვითარებულ ქვეყნებში შეიქმნა კიბერუსაფრთხოების სარდლობა. მათ შორის, ჩვენც ამ სტრატეგიის ნაწილად გვაქვს კიბერუსაფრთხოების სარდლობის შექმნა, რასაც შევქმნით.
ყველა რისკი თუ ასპექტი, რაც ახსენეთ და თეორიულად შეიძლება, იყოს, გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორებისგან და გათვალისწინებული იქნება ჩვენ ახალ სარდლობაში. ეს გარკვეულწილად, მტკივნეული პროცესია, თუმცა ამ მიმართულებით მივდივართ და უახლოეს მომავალში ამ შედეგზე გავალთ, რომ თავდაცვის უწყებაში არსებული ყველა ეს მიმართულება იქნება ერთი სარდლობის ქვეშ და ამას მენეჯმენტს თავდაცვის ძალები გაუწევს“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის ბოლო კვარტალში თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის, ათი პროცენტით გაიზარდა, რაც რიცხვებში 80 მილიონით გამოიხატა და ეს თანხები ყველა მიმართულებით პროპორციულად მიიმართება, ხოლო მომავალი წლიდან ბიუჯეტი 260 მილიონით იზრდება, ამ ტენდენციის შენარჩუნება კი ძალიან კარგი შედეგი იქნება.