„რაც უფრო მალე მიაღწევს უკრაინა გამარჯვებას, მით უფრო ნაკლებ ბოროტებას მოუტანს რუსეთი სხვა რეგიონებს“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკიმ თავის მიმართვაში ასევე ისაუბრა ყირიმის პლატფორმის მნიშვნელობაზე.
„რაც უფრო მალე დამყარდება მშვიდობა ჩვენს მიწაზე უკრაინის გამარჯვების წყალობით, მით უფრო ნაკლებ ბოროტებას მოუტანს რუსეთი სხვა რეგიონებს, მათ შორის ახლო აღმოსავლეთს ირანთან თანამშრომლობით. მჯერა, რომ ერთ დღეს ისრაელი პოლიტიკოსები მოისმენენ ამ პოზიციას, როგორც ეს უკვე გააკეთა ისრაელის საზოგადოებამ - ჩვენ ამას ვგრძნობთ“.
„ჩვენ აუცილებლად გავათავისუფლებთ ყირიმს. ჩვენ დავაბრუნებთ ჩვენი ქვეყნის ამ ნაწილს არამარტო უკრაინულ, არამედ სრულიად ევროპულ სივრცეში. ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა. და მადლობელი ვარ ყველა ჩვენი პარტნიორის - თითქმის 50 სახელმწიფოსი და საერთაშორისო ორგანიზაციის, რომლებიც გვეხმარებიან საპარლამენტო ფორმატში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისათვის, „ყირიმის პლატფორმა“ უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.