თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა ვანდალიზმის ფაქტები, რა დროსაც სკვერებსა და პარკებში განათების ბოძებს აზიანებენ, ხსნიან დამცავ ხუფებს და იპარავენ.
„ხსნიან დამცავ ხუფებს, იპარავენ, რაც ძალიან ცუდია ყველანაირი თვალსაზრისით, პირველ რიგში, უსაფრთხოების. რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტებს ჩვენი მხრიდან ყოველთვის აქვს შესაბამის რეაგირება, ხდება დაზიანებული ინვენტარის აღდგენა, გამოსწორება, მოწესრიგება, განათების ბოძებზე მოპარული ხუფების თავიდან დაყენება, მაგრამ ფაქტი არის ძალიან ცუდი, როდესაც ვანდალიზმი ხდება. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა, რაშიც თქვენი მხარდაჭერა და თანადგომა გვჭირდება.
მინდა ვანდალიზმის ჩამდენ პირებს მივმართო, რასაც თქვენ აკეთებთ, ეს არის უმძიმესი დანაშაული, ამით თქვენ საფრთხეს უქმნით თქვენს თანამოქალაქეებს, მათ უსაფრთხოებას, პარკში მყოფ ნებისმიერ დამსვენებელს. ასევე, მინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენს მოქალაქეებს თხოვნით, ნუ აუვლით გულგრილად მსგავს ფაქტებს, დააფიქსირეთ და მოგვაწოდეთ ყოველი ასეთი ინფორმაცია. მერიის ცხელ ხაზზე შეგიძლიათ დაგვირეკოთ ან დაუკავშირდით თქვენივე რაიონის გამგეობას. ჩვენი მხრიდან ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ მთავრობის სხდომაზე.