საქართველოს ელჩი უნგრეთში: უნგრეთი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს

დღეს უნგრეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს უნგრეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომდგენლებთან, - ამის შესახებ საქართველოს ელჩმა უნგრეთში, ზაზა გოგსაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი შეეხება ეკონომიკურ საკითხებს, ამასთან ვიზიტის პარალელურად გაიმართება საქართველო-უნგრეთს შორის არსებული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა.

„როგორც მოგეხსენებათ, უნგრეთი საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს აქტიური მხარდამჭერია, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქათველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხს, მხარს უჭერს საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას და ეს ვიზიტი, რა საკვირველია, ამ მხარდაჭერას კიდევ უფრო მაღალ რანგში და საფეხურზე აიყვანს.

საუბარი იქნება ეკონომიკურ საკითხებზე, რაც უთუოდ ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის არსებული დიდი ეკონომიკური პოტენციალის კიდევ უფრო გამოვლენას და განვითარებას. საგულისხმოა, რომ ამ ვიზიტის პარალელურად გაიმართება საქართველო-უნგრეთს შორის არსებული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მორიგი სხდომა,“- აღნიშნა ელჩმა.