კომპანია Raytheon Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გრეგ ჰეისმა, CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-მ უკრაინას ორი ერთეული NASAMS-ის საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა, პირველად გადასცა.
„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ აშშ-ის მთავრობას გადავეცით ორი სისტემა. დღეს მათ უკრაინაში განალაგებენ“, - აღნიშნა ჰეისმა.
ჰეისის თქმით, აშშ-ის ხელისუფლებამ დაამტკიცა კიევისთვის NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდება, მაგრამ ჯერ შეთანხმება არ არის მიღწეული „პატრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე.
ჰეისმა აღნიშნა, რომ ამაზე მოლაპარაკებები რეგულარულად მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თეთრმა სახლმა უნდა მიიღოს.
მანამდე, 11 ოქტომბერს, თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები NASAMS-ის პირველ ორ საჰაერო თავდაცვის სისტემის კიევს „უახლოეს მომავალში" გადასცემს.