სტოლტენბერგი: პუტინმა იცის, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებას სერიოზული შედეგები მოჰყვება, მზად ვართ, ვიმოქმედოთ

პრეზიდენტ პუტინის ბირთვული რიტორიკა საშიშია და ის უგუნური და უპასუხისმგებლოა. ბირთვული იარაღის ნებისმიერი გამოყენება უკრაინაში, ძირეულად შეცვლის კონფლიქტის ხასიათს. პრეზიდენტმა პუტინმა იცის, რომ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება.

ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

„ამ კუთხით, ჯერჯერობით ჩვენ არ გვინახავს რაიმე ცვლილება რუსეთის პოზიციებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით და ფხიზლად ვართ. მზად ვართ, ვიმოქმედოთ საჭიროების შემთხვევაში. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის მკაფიო გზავნილის გაგზავნა ან იმის დემონსტრირება, რომ მათ, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოიყენონ ბირთვული იარაღი უკრაინაში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ადრიატიკის ზღვაში აშშ-ის საზღვაო ძალების ავიამზიდს (USS George H.W.) ეწვია. ხომალდი ამჟამად ხელმძღვანელობს გადამზიდავ დამრტყმელ ჯგუფს NATO- ს მეთაურობით, რომელსაც სტოლტენბერგმა აშშ-ის შესაძლებლობებისა და ალიანსისადმი ერთგულების დემონსტრირება უწოდა. 

ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.