ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა კორუფციას ვერ შეებრძოლება

ოპოზიცია ანტიკორუფციული ბიუროს შექმნას აფასებს. 

პროცესები არ მიდის სწორი მიმართულებით, ამის დასტურია, მათ შორის, ანტიკორუფციული წყალწყალა კანონპროექტი, რომელიც კორუფციას ვერ შეებრძოლება, მიაჩნია ჟურნალისტებთან „ლელოს“ წევრ ანა ნაცვლიშვილს.

მისი შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი პროექტი ვერ უზრუნველყოფს ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებას და უფრო გააღრმავებს პრობლემებს, რომლებიც შერჩევითი მართლმსაჯულების მხრივ არსებობს.

„ის, რაც დღეს არის წარმოდგენილი არ უზრუნველყოფს ევროკავშირის 12-დან ერთ-ერთი მთავარი წინაპირობის შესრულებას. რიტორიკულ კითხვას ვსვამ, რა საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, თუ ის ვერ მიგვიყვანს ევროკავშირამდე?

რაც შეეხება ღარიბაშვილთან მიმართებით საკითხს, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ერთი წუთით რომ გვარები და სახელები გვერდზე გავწიოთ, სულ რომ ჩემი თანაგუნდელი ან მე ვიყო პრემიერი, იგივეს გეტყოდით, ინსტიტუციურად უნდა გააკონტროლონ, ნიშნავდეს მაკონტროლებელს.

მაკონტროლებელი ჩვენს მოდელში შეირჩევა პარლამენტის მიერ მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით, როცა „ქართული ოცნების" მოდელის თანახმად, უწყების ხელმძღვანელის დანიშვნა თუ მოხსნა ჩამოკიდებულია ერთპიროვნულად პრემიერზე, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი კორუფციას კი ვერ გამოუცხადებს ბრძოლას, იქნება პრემიერის ინსტრუმენტი, რომ თვალი დახუჭოს კორუფციის ფაქტებზე, როცა ეს პრემიერს ენდომება, მაგრამ გამოუცხადოს ბრძოლა კორუფციას მაშინ, როცა პრემიერი გადაწყვეტს, რომ მისთვის არასასურველი ფიგურა გზიდან უნდა ჩამოიცილოს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.


„მოქალაქეების" ერთ-ერთი ლიდერის, ვიცე-სპიკერ ლევან იოსელიანის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივა მხოლოდ ხელისუფლებას არ ეკუთვნის, რადგან ამაზე ოპოზიცია მანამდეც საუბრობდა.

მისი შეფასებით, პარლამენტის მიერ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის მაღალი კვორუმით არჩევა გამოსავალი არ იქნება.

„მაღალი კვორუმით არჩევა ყველა შემთხვევაში გამოსავალი არ არის, რადგან ვხედავთ, მაღალი კვორუმით არჩევის საკითხს შემდგომ როგორი გადაწყვეტილებებიც მოჰყვება ხოლმე - როდესაც არის ამ კვორუმის უბრალო უმრავლესობამდე დაყვანა და საბოლოო ჯამში, უარესს მდგომარეობას ვიღებთ. ასეთი მდგომარეობა მივიღეთ, მაგალითად, ცესკოს შემთხვევაში, როცა მის ხელმძღვანელს 5 წლის ნაცვლად, 6 თვის ვადით ვირჩევთ.

იგივეს მივიღებთ გენერალური პროკურატურის შემთხვევაში, როცა ერთწლიანი პროკურორი გვეყოლება 2026 წლიდან. ამიტომ ყოველთვის ეს გამოსავალი არ არის. ამ შემთხვევაში გამოსავალი ისეთი სტრუქტურის შექმნაა, რომელსაც ექნება გამაწონასწორებელი ფუნქცია ამ რგოლში.

ამაზე უფრო დეტალურად შევძლებ საუბარს მას შემდეგ, რაც კანონის პროექტს გავეცნობი“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა მედიასთან.


პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ ასევე მედიასთან განაცხადა, რომ დამატებით კვლავ წარადგენენ საკუთარ წინადადებებს და თუ მმართველი გუნდი მათ არ გაიზიარებს, პროექტს მათი მხარდაჭერა არ ექნება.

„ჩვენი წინადადებები და მოთხოვნა იყო დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სამსახურის შექმნა, სადაც გაერთიანდებოდა ყველა უწყებაში გაფანტული ანტიკორუფციული ფუნქციები, ექნებოდა საგამოძიებო ფუნქცია და იქნებოდა ორიენტირებული მხოლოდ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, მისი ხელმძღვანელი კი იქნებოდა პარლამენტის მიერ მაღალი ლეგიტიმაციით, 2/3- ით არჩეული.

ხელისუფლებამ წარმოადგინა პოზიცია, რომელიც გულისხმობს ანტიკორუფციული უწყების შექმნას ანტიკორიფციული მიმართულებით, მაგრამ მათ წარმოდგენილ პროექტში ფუნქციები, რაც ამ სამსახურმა უნდა შეასრულოს, არ ემთხვევა ჩვენს მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და წინადადებებს. ამიტომ ამ კანონპროექტს დეტალურად განვიხილავთ და ჩვენს მოსაზრებებს დამატებით დავაფიქსირებთ. თუ არსებული სახით დარჩება, ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, რადგან არ იქნება ქმედითი და ეფექტიანი.

ჩვენი რეკომენდაციები და წინადადებები ჯერ კიდევ ზაფხულში წარვადგინეთ სამუშაო ჯგუფში, თუმცა, მათ წარმოდგენილ დოკუმენტში არ არის ეს ასახული, ასახულია დამოუკიდებელი ორგანოს შექმნის საკითხი, მაგრამ ამასთან მნიშვნელოვანია მისი ფუნქციები“, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.


„ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებული ინიციატივა ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებად ვერ ჩაითვლება, - აცხადებს თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.

„ჩვენ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა გვაქვს, რომელიც ამ უწყების მაქსიმალურ დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მისი ხელძღვანელი პარლამენტის მიერ მაღალი კვორუმით დანიშნული იქნება, რაც იმის გარანტიაა, რომ ძნელი იქნება მის საქმიანობაში ჩარევა.

ის რომ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ სათაურში ეწეროს, ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულებად არავინ ჩაგვითვლის, რადგან მთავარია არა რაღაცის შექმნა, არამედ ისეთი უწყების შექმნა, რომელიც რეალურად დამოუკიდებელი იქნება და რეალურად შეასრულებს ამ ფუნქციას", - აცხადებს რომან გოცირიძე.

ცვლილებების თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო ზედამხედველობას გაუწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შესრულებას. ბიურო, ასევე კოორდინაციას გაუწევს სათანადო ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას.