შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც ცდილობდა, 10 წლის ბავშვი მუქარით დაეთანხმებინა სახლის კარის გაღებაზე

1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ვ.დ., თბილისში, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს, ბრალდებულმა 2012 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს საცხოვრებელი ბინის კარზე დაუკაკუნა და განუცხადა, რომ დახმარება სჭირდებოდა, უარის მიღების შემდეგ კი, სხვადასხვა ხერხით, მათ შორის მუქარით ცდილობდა, იძულებული გაეხადა არასრულწლოვანი, მისთვის ბინის კარი გაეღო.

მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა ვ. დ.-ს უთხრა, რომ ის პოლიციაში დარეკავდა, ბრალდებული ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.