უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ ვიქტორ ორბანისა და საქართველოს პრემიერის ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
„მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრემეირის ინიციატივას, რომ ჩვენ ერთობლივ სამთავრობოთაშორისო შეხვედრას გავმართავთ უკვე თბილისში და მოხარული ვარ, რომ ბატონმა პრემიერმა ჩვენი მოწვევა მიიღო და მოხარულები ვიქნებით, ვუმასპინძლოთ მას საქართველოში.
რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ გავაღრმაოთ სექტორული თანამშრომლობა სამინისტროებს შორის. უნგრეთი, განსაკუთრებით, ბატონი ორბანის მმართველობის და ლიდერობის დროს, ძალიან წარმატებული ქვეყანაა და ბევრი წარმატებული რეფორმა გაატარა ორბანის მთავრობამ საკუთარი ხალხის საკეთილდღეოდ.
ჩვენ ძალიან ბევრი მაგალითიც გადმოვიღეთ, თქვენი მთავრობის წარმატებული რეფორმები გავიზიარეთ და გვსურს, უფრო მეტად დავახლოვდეთ სხვადასხვა მიმართულებით.
ჩვენ პოტენციალს ვხედავთ არამხოლოდ ვაჭრობასა და ტურიზმში, არამედ ენერგეტიკაში, როგორც უკვე აღინიშნა. მინდა, ასევე მადლიერებით აღვნიშნო, რომ განათლების სფეროში გვაქვს ძალიან კარგი თანამშრომლობა და პირადად თქვენ მადლობა ამ პროექტის მხარდაჭერისთვის, მინდა, ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ უნგრეთი და უნგრეთის მთავრობა აფინანსებს ქართველ სტუდენტებს, მათ განათლებას უნგრეთში, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულო ინიციატივაა.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, ესაა ჩენი მთავარი ამოცანა, მთავარი არჩევანი და კიდევ ერთხელ მინდა, დავაფიქსირო ჩვენი მთავრობისა და ხალხის სახელით, რომ ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის და NATO-ს წევრი სახელმწიფო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს ჩვენი მასპინძლობისთვის და მე ვიქნები ძალიან ბედნიერი და მოხარული, ვუმასპინძლო მას თბილისში“, - აღნიშნა პრემიერმა.
„მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელსა და მე, მომდევნო წელს საქართველოში გვექნება ერთობლივი მთავრობათაშორისი შეხვედრა, ამაზე შევთანხმდით და მას წინ გაუძღვება შეხვედრა სხვადასხვა დარგობრივ სამინისტროს შორის, პირველი პირებს შორის. ჩვენ გვექნება ეს მნიშვნელოვანი სტიმული, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ამიტომ, სანამ რამე სხვა დაიგეგმება, მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს უნგრეთის საზოგადოების და ჩვენი მთავრობის სახელით. საქართველოს დიდ წარმატებას ვუსურვებ და მადლობას ვუხდი საქართველოს და მის მოსახლეობას“, - აღნიშნა თავის მხივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.