ორბანის თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის შეფასებით, გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა, დისკრიმინაციული და ქართველი ხალხის უპატივცემულობა იყო.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც შეხვედრისას შევეხეთ, ევროკავშირის მიმართ საქართველოს სულისკვეთება და მისი წევრობის სურვილია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება გამოცხადდა ბრიუსელში, ვიტყოდი, რომ დისკრიმინაციული იყო გადაწყვეტილება, როდესაც კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ მოლოდოვას და უკრაინას და არა საქართველოს.

ეს ვერ იქნება გამართლებული ვერც მორალურად და ეს არის საზიანო გადაწყვეტილება.

ჩვენი სტუმარი და მისი ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, რადგან ძალიან ბევრს მუშაობს ბოლო წლებია და ეს გადაწყვეტილება უპატივცემულო იყო ქართველი ერის, ქართული სახელმწიფოს მიმართ.

რას გავაკეთებ - ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, რომ რაც შეიძლება მალე მიიღოს მან კანდიდატის სტატუსი და ევროკავშირში გაწევრიანდეს. ამას მოვახერხებთ ექსპერტული დახმარებით, 16 უნგრელი მუშაობს ევროკავშირის ფარგლებში საქართველოს საკითხებზე და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყოს ამ მიმართულებით“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა ქართული ტელევიზიების თარგმანის მიხედვით. 


ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.

ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. 

ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.

23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.