ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ უპასუხა შეკითხვას, როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირის 12 რეკომენდაციას.
„ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია, ვიცი, რომ პროცესი მიმდინარეობს, ორგანიზებულია მუშაობა საქართველოს პარლამენტში, საპარლამენტო კომიტეტებში. ვიცი, რომ ქართულმა მხარემ საკუთარ თავს დაუწესა ძალიან მჭიდრო ვადები. გუშინ მქონდა რამდენიმე შეხვედრა საქართველოს პარლამენტში, ხვალაც მივალ პარლამენტში. რასაკვირველია, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ამ ყველაფერს და იმედი გვაქვს, რომ პროცესი ჩატარდება ძალიან ინკლუზიურად და გამჭვირვალედ, ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მონაწილეობით და მათ უნდა იმუშაონ ძალიან კონსტრუქციულად. შეფასების პროცესი მომავალ წელს განხორციელდება.
პირველი შეფასება იქნება ევროკომისიისგან, შემდეგ კი, მას განიხილავენ ევროპელი ლიდერები და შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა.
ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.
ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ევროკომისიის რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველო კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს, ამ ბმულზე გაეცანით.