ზელენსკი: გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს, ეს არ არის დამოკიდებული ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გავლენას არ მოახდენს რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებაზე, ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.

„თუ რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაწყვეტს, გამოიყენებს მას, თუ გადაწყვეტს არ გამოიყენოს და ეს დამოკიდებულია დასავლური სამყაროს ზეწოლაზე, ის არ გამოიყენებს მას. რაც არ უნდა მოხდეს ბრძოლის ველზე.

ზოგჯერ გვგონია, რომ [როდესაც] ბრძოლის ველზე წარმატებულები ვართ, რუსეთს შეუძლია ბირთვული იარაღის გამოყენება.

მერე რა ვქნათ, ჩვენი მიწისთვის არ ვიბრძოლოთ? ჩვენ არ ვართ მზად, ვიცხოვროთ ასეთი ლოგიკით, გულწრფელად რომ ვთქვათ“, - განუცხადა ზელენსკიმ Corriere della Sera-ს ინტერვიუში.

შეგახსნებთ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ არ ფლობს ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ მიანიშნებს კრემლის ლიდერის მზადყოფნაზე, გამოიყენოს ბირთვული იარაღი ან ე.წ. „ბინძური ბომბი“ უკრაინის ტერიტორიაზე.

თავის მხრივ, სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, პუტინი პირადად არის გაფრთხილებული შედეგებზე, თუ უკრაინასთან ომში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს.

ცნობისთვის, 21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. სატელევიზიო მიმართვისას, მან დასავლეთი ბირთვულ შანტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს.