გალის რაიონში, „აფხაზეთის გამარჯვების“ ზეიმის პარალელურად, ე.წ. აფხაზური დროშის დაწვის გამო, საქართველოს მოქალაქე, 27 წლის ირაკლი ბებუა დააკავეს.
ბებია, გავრცელებულ ვიდეოში დროშის დაწვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა დასძენს, რომ არაფერი აქვს „აფხაზური დროშის“ და აფხაზების საწინააღმდეგო.
ახალგაზრდა მამაკაცი ყველა განაწყენებულ აფხაზს ბოდიშს უხდის და ამბობს რომ კვლავ მეგობრული ურთიერთობების აღდგენა სურს.
სოციალურ ქსელში აფხაზი მომხმარებლები დაკავებულის სიკვდილით დასჯას, საჯაროდ დახვრეტას ან დაწვას მოითხოვენ.
უკანონოდ დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ განხორციელდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება და გააქტიურდა ცხელი ხაზი.
„უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, მოახდინა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს უკანონოდ დაკავებული პირის ვინაობა; ცხელი ხაზის საშუალებით გაგვიზიარეს ინფორმაცია მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. არსებული მონაცემებით, უკანონოდ დაკავებული პირი იმყოფება ქ. გალში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ადამინების უკანონო დაკავების ფაქტებზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას. საოკუპაციო რეჟიმის მიერ მართული აღნიშნული პროცესი მნიშვნელოვნად აუარესებს საოკუპაციო ხაზს გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია უკანონოდ დაკავებული პირის უპირობო გათავისუფლება“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.