სარფის საბაჟოზე, საქართველოდან თურქეთში მიმავალი კაცი დააკავეს, რომელსაც სხეულზე მიმაგრებული 1100 ფუტკარი გადაჰყავდა - მედია

საქართველოდან თურქეთში შესულ მამაკაცს მებაჟეებმა ჩხრეკისას პატარა ხის ყუთებში ჩასმული 1100 ფუტკარი აღმოუჩინეს, რომელიც სხეულზე ჰქონდა მიმაგრებული.

თურქული მედია ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ კაცს შესაბამისი საბუთები ჰქონდა და სარფის სასაზღვრო პუნქტზე სკანირება გაიარა, თუმცა საბაჟო სამმართველოს კონტრაბანდის საწინააღმდეგო განყოფილების თანამშრომლებმა საეჭვო საქციელის გამო გააჩერეს.

ამასთან, კაცს სხეულზე ხის პატარა ყუთები ჰქონდა დამაგრებული, სულ 110 ყუთი. თითო ყუთში 1 დედა ფუტკარი და ცხრა მუშა ფუტკარი იყო მოთავსებული.

ასევე, სარფის საზღვარზე, თურქეთში შესული ავტომანქანის საწვავის ავზში 104 კილოგრამზე მეტი წაბლის თაფლი აღმოაჩინეს. საბაჟოს თანამშრომლებმა გაარკვიეს, რომ ავტომანქანა მუშაობდა დამატებით საწვავის ავზზე, რომელიც დამაგრებული იყო თაფლით სავსე ორიგინალური ავზის გვერდით.