სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი მარკ კლეიტონი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
"საუბარი შეეხო ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მრავალმხრივ ურთიერთობებს, ასევე საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის უკრაინის თემას.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გაიხსენა მისი ვიზიტი დიდ ბრიტანეთში, შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან და კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება დედოფლის გარდაცვალების გამო.
ბ-ნმა მარკ კლეიტონმა მის უწმინდესობას მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა საქართველოს ეკლესიისა და პირად კათოლიკოს-პატრიარქის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებასა და ერის განმტკიცებაში. მან ასევე დასძინა, რომ დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას და თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების შემდგომი დაახლოებისათვის", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.