უკიდურესმა სიცივემ და დიდთოვლობამ ევროპის დიდ ნაწილში გადაადგილების პრობლემა შექმნა და მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
პოლონეთის ზოგ რეგიონში ტემპერატურა -28°C-მდეც კი დაეცა, რაც ბოლო 11 წლის რეკორდული ნიშნულია. ვარშავის ორ სადგურზე ყინვამ ლიანდაგები დააზიანა, რის შედეგადაც სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხდა.
ჩეხეთში ტემპერატურა -20°C-ზე დაბლა დაეცა. ჩეხეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტის მონაცემებით, ყველაზე დაბალი ნიშნული, -27°C პრაღიდან 160 კილომეტრის მოშორებით, პოლონეთის საზღვართან დაფიქსირდა.
ალბანეთის სამხრეთით, დედაქალაქიდან 110 კილომეტრში, პეშკოპში ტემპერატურამ -13 ° C მიაღწია.
დიდთოვლობის გამო გერმანიაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა.
ჩრდილოეთ ნორვეგიაში ტემპერატურის -30°C-მდე კლებას ვარაუდობენ. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ Twitter-ზე განცხადებაც კი გამოაქვეყნა და მოსახლეობას მოუწოდა, „ჩრდილოეთით მცხოვრებ მეგობრებს თბილი ტანსაცმელი გაუგზავნონ“.
რეკორდულად დაეცა ტემპერატურა საფრანგეთშიც. Météo France-ს ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვირაში, ქვეყანაში საშუალო ტემპერატურა 3.09°C იყო, რაც, იანვრის საშუალო ნიშნულს დაახლოებით 2°C-ით ჩამორჩება.