საქართველოს მთავრობის დღევანდელი გადაწყვეტილებით, იმ გუნდს, რომელმაც გიორგი დონაძისა და სვიმონ ჯანგულაშვილის ხელმძღვანელობით ვატიკანში, სიკსტის კაპელაში ისტორიული კონცერტი გამართა, სახელმწიფო სტატუსი მიენიჭა, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
"მსურს, განსაკუთრებული სიყვარულით მადლობა ვუთხრა ჩვენს პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც ამ გუნდის, სამების საკათედრო გუნდის დამფუძნებელი, სულისჩამდგმელია. ჩვენმა პატრიარქმა დღემდე მოიყვანა ეს გუნდი და ქართული გალობა, რომლის გარეშეც არ არსებობს ქართული კულტურა და ჩვენი კულტურული იდენტობა.
მადლობა პატრიარქს და საპატრიარქოს დღევანდელი გადაწყვეტილების ხელშეწყობისთვის. გუნდს მომავალშიც საქართველოშიც და საერთაშორისო ასპარეზზეც დიდ წარმატებებს ვუსურვებ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.