„წლის ბოლომდე, დაახლოებით, 1 700 000 მოზრდილი ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული. მოლოდინი გვაქვს, რომ, პირველ ეტაპზე, უფრო სწრაფად მივიღებთ „ფაიზერის“ ვაქცინას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას.
„პირველ რიგში, ვაქცინაცია უნდა შევთავაზოთ სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს იქნება ნებაყოფლობითი. რისკების გაცნობიერების საფუძველზე, ადამიანმა თავად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება.
ჯანდაცვის პროფესიონალებს მოჰყვება ის ხალხი, ვინც მუშაობს ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, ანუ ხანდაზმულ პირებთან და შემდეგ მოდის ასაკობრივი ჯგუფები, ყველაზე მაღალის რისკის მატარებელია 75 წლის ზემოთ ასაკის მქონე მოსახლეობა. ეტაპობრივად ფართოვდება ვაქცინაციის პროგრამა, იმისთვის, რომ მოსახლეობის 60% მოვიცვათ.
წლის ბოლომდე, დაახლოებით, 1 700 000 მოზრდილი ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული. მოლოდინი გვაქვს, რომ, პირველ ეტაპზე, უფრო სწრაფად მივიღებთ „ფაიზერის“ ვაქცინას. ის მოიცავს პირველ ჯგუფს და არ იქნება იმდენი, რომ სრულად მოიცვას ჯანდაცვის სექტორის საჭიროება, მაგრამ COVAX-ის პლატფორმსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ პირველი 20 ათასი დოზა, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, თებერვლისთვის მოგვცენ“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.