ოპოზიციური პარტიების ნაწილი ევროპარლამენტის და აშშ-ის ელჩის მიერ პარლამენტში შესვლის მოწოდებას ეხმაურება და ოპოზიციურ პარტიებს შორის დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს.
„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, როცა ელჩები მხარს არ გიჭერენ და ევროპარლამენტი პარლამენტში შესვლისკენ მოგიწოდებს, აქციაზე კი ხალხს ვერ კრებ, ოპოზიციას კიდევ რისი იმედი აქვს არ ესმის.
„ჩანს, რომ ელჩები არ არიან ჩვენსკენ. მერე ეს დადასტურდა იმით, აშშ-ის ელჩი პარლამენტის პირველ სხდომას დაესწრო, მერე გამოვიდა გვითხრა შედით პარლამენტშიო. მაგრამ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია იყო, რომ შეიცვლება აშშ-ში ადმინისტრაცია, შეიცვლება რაღაცები და ცოტა ხანში ელჩი სხვანაირად დაიწყებს ლაპარაკს, ან შეიძლება ვიღაცას ეთქვა, რომ შეიძლება რამე ისეთი მოხდეს, შეიცვლება რიტორიკა ამ ადამიანების, იანვარში შეიცვლება და ა.შ. იანვარში არაფერი შეცვლილა, ზოგადად ჩვენ ისე არ ვიქცეოდით, რომ იქ რამე შეცვლილიყო”, - განცხადა იაგო ხვიჩიამ
ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ელჩი ვერ იმოქმედებს ვერც ერთი მხარის სასარგებლოდ, მათ აქვთ შუამავლის ფუნქცია და ბუნებრივია, მათი როლი შემოსაზღვრულია.
ამ მოლაპარაკების პროცესში ელჩების როლის გაზრდა და გაზვიადებულად წარმოჩენა ბუნებრივია, არ არის მიზანშეწონილი, ვინაიდან მათ აქვთ შეზღუდული მანდატი, ძირითად გადაწყვეტილებას იღებენ მხარეები. ამიტომ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შიდა ოპოზიციური, პარტიული ერთობა შევინარჩუნოთ. საზოგადოების ინტერესები მაქსიმალურად წარმოვადგინოთ ამ მოლაპარაკებებში და მივაღწიოთ ხელისუფლებისაგან, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროულად დაინიშნოს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.
ბეჟაშვილის თქმით, ოპოზიციური ერთობის მთავარი ფუნქცია ქუჩის მობილიზება და საპროტესტო აქციები არ ყოფილა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკურმა პროცესმა პარლამენტში არ გადაინაცვლა, პოლიტიკური კრიზისი ქუჩის აქციებსაც გამოიწვევს.
„ბეჟაშვილის განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ვადამდელი არჩევნებია”, - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი.
„გირჩი“ ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ჩაშლაში, კონკრეტულად „ევროპულ საქართველოს“ ადანაშაულებს და აცხადებს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს ვადამდელი არჩვენების გარდა არანაირი შეთანხმება არ სურთ.
„სულ ვამბობდი, დასავლელი პარტნიორები მხარს რომ არ გვიჭერენ, მოდი, რამე გავაკეთოთ, რათა ჩვენი მხარე დაიჭირონ. თორემ ამერიკის ელჩი შენკენ არ არის, ევროკავშირის ელჩი შენკენ არ არის, ევროპარლამენტი გეუბნება შედიო, ქუჩაში ხალხს ვერ კრებ, რის იმედად უნდა ვიყოთ. წარმოიდგინეთ, გაქვს ბოიკოტი და ხალხი ვისი იმედიც გვაქვს, გეუბნება, რომ უნდა შეხვიდეთ პარლამენტში და შენ ნაცვლად იმისა, დაარწმუნო ისინი, რომ არასწორი ინფორმაცია აქვთ, აკლიათ რაღაც, დაამატო ინფორმაცია, ელოდები, როდის შეიცვლება მისი უფროსი, უბრძანოს ვიღაცამ, რომ პოზიცია შეიცვალოს. ეს ჩემთვის პირველივე დღიდან მიუღებელი პოზიცია იყო“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
“გირჩის“ განცხადებით, ნებისმიერი მოლაპარაკებაზე „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ცდილობდნენ მოლაპარაკება კონკრეტული შედეგით არ დასრულებულიყო.
„ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის ლევან თარხნიშვილის განცხადებით, მათმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ მოლაპარაკების პროცესი რაიმე შედეგამდე მისულიყო.
„ევროპულ საქართველოზე“ ფაქტობრივად ორკესტრირებული შეტევაა და სამწუხაროა, რომ ამ შეტევაში თავის წვლილს იღებენ ყოფილი ოპოზიციონერები, ალეკო ელისაშვილი და „გირჩი“. ამ მოლაპარაკებების ყველა მონაწილე, გარდა ამ ადამიანებისა და „ქართული ოცნებისა“, დამეთანხმება, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს პროცესი რაიმე შედეგამდე მისულიყო“, – განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
„გირჩის და „მოქალაქეების“ ბრალდებებს მოლაპარაკებების ჩაშლაზე და გიორგი ვაშაძის დაშანტაჟების შესახებ განცხადებას, გიგა ბოკერია გამოეხმაურა.
„როცა იწყება ტალახის სროლა უბინძურესი მოგონილი ცილისწამებით, დიახ ეს არის ივანიშვილის რეჟიმის თამაში”, - აცხადებს ევროპული საქართველოს ლიდერი.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი სერგო ჩიხლაძემ „გირჩთან“ შეხვედრის ჩაშლის მიზეზს განმარტავს.
„ჩვენ ვთქვით, რომ შეხვედრის წინააღმდეგი არ ვართ. შეხვედრები იმართება სხვადასხვა ფორმატში და ისიც ვახსენეთ, რომ ხან ეთერებში ვხვდებით, ხან სხვა პარტიის ოფისებში ვხვდებით. ამას რაღაც განსაკუთრებული დრამატულობა და სცენების დადგმა არ სჭირდება. ასევე ვთქვით, რომ ეს პროცესი უნდა იყოს საერთო ოპოზიციასთან შეთანხმებული. აქედან გამომდინარე, სწორი იქნებოდა, რომ მთლიან ოპოზიციას გვემსჯელა ყველა საკითხზე“, - აღნიშნავს ჩიხლაძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი თვლის, რომ „მოქალაქეებთან“ და „გირჩთან“ ჩაშლილი მოლაპარაკებები ვერ შეცვლის ოპოზიციის დღის წესრიგს.
„ვერ შეცვლის ოპოზიციაში იმას, რაზეც ერთიანები ვართ – საარჩევნო ბოიკოტზე და საარჩევნო საკითხებზე. „გირჩსა“ და „მოქალაქეებს“ თავიანთი დღის წესრიგი აქვთ, მათგან განსხვავებით, არავის თავს არ ვესხმით, არავის ეპითეტებით არ ვამკობთ, არანაირ ჭორებს არ ვიგონებთ. მათ თავიანთი გზა აირჩიეს, ეს ოპოზიციურ ერთობას ხელს არ უშლის. ეს არის ხუთი ადამიანი, აქეთ არის 50-55 ადამიანი, რომელთაც ერთიანი პოზიცია აქვთ“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" მოლაპარაკებები არ სურს, რადგან ოპოზიციის გაბუტულ რეჟიმში ყოფნა აწყობს. ოპოზიცია კი ძირითად პროცესს აფერხებს.
„"ქართულ ოცნებას" მოლაპარაკება არ სურს, რადგან საარჩევნო სისტემის. დათმობა არ უნდა. თუ ოპოზიცია მას არ ელაპარაკება, რატომ უნდა დათმოს? არ ურჩევნია, რომ ასეთი ჭუჭყიანი არჩევნები ატაროს? იმ ბრძოლის, იმ ბოიკოტის შედეგი იყო, რომ უკან დაიხია, მაგრამ ახლა აწყობს ოპოზიცია იყოს ასეთ გაბუტულ რეჟიმში. ოპოზიციის ერთი ნაწილი, უბრალოდ, ვერ ხვდება რას აკეთებს. ჩვენთვის მიზანი იყო ის, რომ ის ოთხი პუნქტი, რომელსაც ვითხოვდით, „ოცნებისთვის“ ხელიდან გამოგვეგლიჯა", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
„გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ მედიასთან „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრებზეც ისაუბრა.
„ქართულ ოცნებასთან“ მე არ მქონდა კონტაქტი, ჩვენი პარტიის სიის პირველი ნომერი გახლდათ ზურაბ ჯაფარიძე და როგორც ჩემთვის შემდგომში განცხადა ცნობილი, თუ რამე კონტაქტი არსებობდა „ქართულ ოცნებასა“ და „გირჩს“ შორის, არსებობდა ზურაბ ჯაფარიძესა და „ქართულ ოცნებას“ შორის. სხვადასხვა პარტიის წევრების ხვდებოდნენ ინდივიდუალურად „ქართულ ოცნებას“. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ წინადადება ჩემთან მოდიოდა ბადრი ჯაფარიძის გავლით. ბადრი ჯაფარიძე გვეუბნებოდა ჩვენ, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“ და ასეთ რაღაცაზე არიან წამომსვლელები „ქართული ოცნების“ წევრები. მე ამას ვიღებდი სრულიად სიმშვიდით, რადგან პირიქით, მე პრობლემა ის მგონია, რომ არ მეკონტაქტებიან“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას განცხადებას პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება"-ს თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა და განაცხადა, რომ "ქართულ ოცნებასთან" ინდივიდუალურ მოლაპარაკებების წარმოება უარყო.
„არანაირი მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასთან" არ მქონია. უკვე ბევრი წელია "ოცნებასთან" კომუნიკაცია საერთოდ არ მქონია. ბოლოს რაც მახსენდება, იყო 2018 წლის ზაფხული, როცა ერთ-ერთ მინისტრთან მქონდა კომუნიკაცია, ისიც კონკრეტულ თემაზე, რომელსაც მაშინ "გირჩი" ლობირებდა. ამ ადამიანს აინტერესებდა რაღაც საკითხები ამ თემის გარშემო. მას შემდეგ, "ოცნებასთან" არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. მითუმეტეს არჩევნების შემდგომ", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ჯაფარიძე ოპოზიციას ურჩევს ბრძოლის ახალი მეთოდები შეიმუშაონ.
"ბრძოლა, ნებისმიერი მეთოდით, რომელიც იქნება მშვიდობიანი, ჩემთვის მისაღებია. ეს მეთოდები როგორი იქნება, ჯერ კიდევ მოსაფიქრებელია. რაღაც იდეები უკვე გვაქვს ჩვენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს განსხვავებული გზები და მეთოდები იმისგან, რასაც აქამდე ოპოზიცია აკეთებდა, იმიტომ რომ, არსებული ბრძოლის მეთოდების მიმართ ივანიშვილს და მის "ოცნებას" უკვე აქვს იმუნიტეტი გამომუშავებული და იცის, როგორ გაუმკლავდეს მას. ისეთი რაღაცეებია გასაკეთებელი, რაც ახალი იქნება და მათთვის სიურპრიზის ელემენტის მატარებელი. ჩემთვის, რაც არის მნიშვნელოვანი, ეს მეთოდები მშვიდობიანი უნდა იყოს, დანარჩენი ყველაფერი მოსულა," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
ბოლო რამდენიმე დღეა, ოპოზიციურ პარტიების ნაწილმა პარლამენტში შესვლის თაობაზე, შიდა მოლაპარაკებების ახალი ტალღა დაიწყო, თუმცა ხელისუფლებისთვის წაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა.
„გირჩი“ და ალეკო ელისაშვილი მზად არიან, პარლამენტში შესვლის პირობით, ხელისუფლებისთვის წაყენებული პირობები, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ინდივიდუალურად განიხილონ.
„იმისთვის, რომ პარლამენტში შევიდეთ, ხელისუფლებასთან ასეთი პირობები გვაქვს" - პოლიტპატიმრების გათავისუფლება, საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება, ელექტრონული არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება. ასევე მოვითხოვთ, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს იგებს ოპოზიცია, მაშინ ახალი არჩევნები 2022 წელს ჩავატაროთ. თუ ადგილობრივ არჩევნებს იგებს ხელისუფლება, მაშინ ახალი არჩევნების ჩატარების საკითხი მაინც გადაიწევს მეორე პლანზე, იმიტომ, რომ მას თავისთავად მოაკლდება ლეგიტიმაცია", - აცხადებენ „მოქალაქეები“ და „გირჩი“.
18 იანვარს, საპარლამენტო უმრავლეოსობის წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგების პლებისციტად ჩათვლა „არასწორია“ და ოპოზიციასთან შეთანხმება შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ „საარჩევნო კანონმდებლობის სრულყოფაზე"; ხოლო რიგგარეშე არჩევნები შესაძლოა მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩატარდეს, თუკი ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საკუთარი პრეტენზიების დასაბუთებას შეძლებს.