მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა

მსახიობი თამარ მაყაშვილი ბათუმის თეატრმა მიმდინარე რეპერტუარიდან მოხსნა. ამის შესახებ ბათუმის დრამატული თეატრი განცხადებას ავრცელებს.

„ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ემიჯნება თეატრის დასის წევრის თამარ მაყაშვილის მიერ გამოთქმულ შეურაცხმყოფელი შინაარსის გამონათქვამს.

ბათუმის დრამატული თეატრისთვის, რომელიც რეგიონში წარმოადგენს ხანგრძლივი ისტორიისა და ტრადიციის მქონე კულტურის კერას, რომლის მიზანია თეატრალური მხატვრული ნაწარმოების შექმნა და მათი მეშვეობით ეროვნული თვითშეგნების გამტკიცება, ტრადიციების პატივისცემა, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა დამკვიდრება და განვითარება, მიუღებელია მსგავსი შინაარსის შემცველი გამონათქვამები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, მსახიობი თამარ მაყაშვილი მოიხსნა მიმდინარე რეპერტუარიდან და მის მიმართ გატარდა შესაბამისი ზომები“, - წერია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში თამარ მაყაშვილმა განაცხადა, რომ არ მოსწონს, როდესაც ბავშვები ბეშუმურ კაბებში არიან გამოწყობილნი. ამ გამონათქვამის გამო, მსახიობმა ბოდიში მოიხადა.