ადვოკატი: ივერი მელაშვილის საქმეზე, პროკურატურა 4 თვის შემდეგ აზუსტებს რისთვის დააპატიმრებს

დავით გარეჯის ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადოკატის განცხადებით, პროკურატურამ ჯერ უმძიმესი ბრალდებით დააპატიმრა მისი დაცვის ქვეშ მყოფი და ახლა, 4 თვის შემდეგ აზუსტებს ივერი მელაშვილის ბრალს.

აღნიშნული განცხადებით, ედუარდ მარიკაშვილი პროკურატურის მიერ გაზირებულ ინფორმაციას გაემოეხმაურა.

"პროკურატურამ გვაცნობა, რომ ხვალ ივერი მელაშვილს ბრალდებას დაუზუსტებენ.რაც ჩვენთვის ამ ეტაპისთვის არის ცნობილი, მუხლს არ ცვლიან. აპირებენ, დააზუსტონ ბრალდების შინაარსი. დეტალებს ხვალ 12:00 სთ-ზე გლდანის N8 დაწესებულებაში გავიგებთ.დეტალებს ხვალ შევაფასებთ. თუმცა მანამდე რაც შეიძლება ითქვას, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში სადაც ჯერ დააპატიმრეს ადამიანი უმძიმესი ბრალდებით და 4 თვის შემდეგ აზუსტებენ რისთვის დააპატიმრეს 4 თვის წინ", - წერს საკუთარ სოციალურ ქსელში ივერი მელაშვილის ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ 7 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე. 7 ოქტომბერს აღნიშნული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.