საქართველოში ვიზიტით მყოფმა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტში პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები გამართეს.
როგორც ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა განაცხადა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა გარდა, იგეგმება შეხვედრა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
„ყველა რელევანტურ მხარესთან, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებთან და ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, განვიხილავთ ჩვენს რეკომენდაციებს, ასევე, მათ თუ აქვთ კითხვები და კომენტარები ჩვენს რეკომენდაციებთან დაკავშირებით. ეს არის სტანდარტული, რუტინული ვიზიტი ამ კუთხით. ცხადია, ყველა ქვეყანა განსხვავებულია და საკუთარი დამახასიათებელი ნიშნები აქვს“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ფრაქციის წევრებსა და ასევე, „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლებს.
„სტუმრების მხრიდან კითხვები შეეხებოდა საარჩევნო პროცესში არსებულ პრობლემებს. „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტის შემდეგ საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილებები შეიტანა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდეთ უვადოდ. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის წარმომადგენლებს გავაცანით ჩვენი ცვლილებების პაკეტი, სადაც ეს პრობლემა გამოსწორებულია. გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ საქართველოს აუცილებლად სჭირდება კანდიდატის სტატუსის მინიჭება“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.