უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში კადრი სიმსონს შეხვდა. მხარეებმა რუსეთის თავდასხმების შემდეგ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენასა და ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციაზე ისაუბრეს.
შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
ზელენსკიმ სიმსონს მადლობა გადაუხადა უკრაინაში ვიზიტისთვის იმ დროს, როდესაც ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა რუსეთის მასიური თავდასხმების ქვეშაა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს აღვადგენთ და უფრო მშვიდ დროს, როცა ჩვენს ენერგოსისტემაში ვითარება დასტაბილურდება, ჩვენ გავაგრძელებთ ელექტროენერგიის ექსპორტს ევროპაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარს გააცნო რუსეთის ენერგეტიკული ტერორიზმის შედეგები, რომელმაც უკვე სერიოზულად დააზიანა ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის დაახლოებით 40%, კერძოდ, თბოელექტროსადგურები, კომბინირებული თბოელექტროსადგურები და ჰიდროელექტროსადგურები.
გარდა ამისა, ზელენსკიმ სიმსონს განუცხადა უკრაინული მხარის მიერ ენერგეტიკული სისტემის სტაბილიზაციის მიზნით მიღებული ზომების შესახებ. მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდგომი ნაბიჯები.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ენერგეტიკული სანქციების შემდგომ გაძლიერებას.