გიორგი ვაშაძე: „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დატოვებისთვის. ამის შესახებ ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

გიორგი ვაშაძის თქმით, ამ სცენარს გუნდში განიხილავენ, რადგან ერთ გარემოში „პრორუსებთან ყოფნა აუტანელია“.

ვაშაძემ განმარტა, კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით მუშაობდა ის პარლამენტში და განაცხადა, რომ ახლა მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, როდის უნდა მოხდეს პარლამენტიდან გამოსვლა და შესაბამისად, დასავლელი პარტნიორების შემზადებაც არის საჭირო.

„ჩვენ შინაგანად და ყველანაირად მზად ვართ, რომ პარლამენტი დავტოვოთ, ამ სცენარს ჩვენ განვიხილავთ. ჩემთვის აუტანელია ერთ გარემოში ყოფნა პრორუსებთან. მხოლოდ იქ ვიქნები, სადაც ვხედავ 12 პუნქტთან დაკავშირებულ რაიმე საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩემი ხმა სჭირდებოდა - შევედი და ხმა მივეცი. არ ვაპირებ ყოველდღიურ რეჟიმში კობახიძეებთან და სხვებთან, პრორუსებთან მუშაობას.

ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, პარლამენტის დატოვებისთვის. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როდის უნდა მოხდეს ეს და აუცილებელია ჩვენს დასავლელ პარტნიორებში სიტუაციის შემზადება.

მათ კარგად უნდა ავუხსნათ წინასწარ რა ხდება. მთავარია ეს არ იყოს ნაადრევი, თუმცა ეს მოხდება. როდესაც ის მოცემულობა დადგება, რომ საზოგადოება შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.