ესპანეთის ხელისუფლებამ დედაქალაქი დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო, "კატასტროფის ზონად" გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ხელისუფლებას დაეხმარება ცუდი ამინდის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში.
ესპანეთის მინისტრთა კაბინეტმა სამშაბათს, 19 იანვარს აღიარა, რომ მადრიდისთვის უჩვეულო თოვლისა და დაბალმა ტემპერატურამ დედაქალაქს "უდიდესი ზიანი მიაყენა".
ხელისუფლების მიერ მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ უამინდობის შედეგად მიყენებული ზარალის გამო მადრიდი კატასტროფის ზონად უნდა გამოცხადდეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოიყოს.
როგორც ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახური აცხადებს, მადრიდში ბოლო 100 წლის განმავლობაში 80 სანტიმეტრის თოვლი არ მოსულა და არც ტემპერატურა შემცირებულია - 12 გრადუსამდე.
მადრიდის მერიის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო, საზოგადოებრივი კვების ობიექტების ზარალმა 100 მილიონი ევრო შეადგინა. შეჩერებული ურბანული ტრანსპორტის ზარალი 30 მილიონამდეა შეფასებული, ხოლო საცხოვრებელი სახლების დაზიანება - 75 მილიონი. საგზაო ობიექტების შეკეთება 110 მილიონი დაჯდება. ითვლება, რომ მწვანე საფარის აღდგენას მინიმუმ 97 მილიონი დასჭირდება. მთლიანი ზარალი, მერიის ცნობით, მინიმუმ 1,4 მილიარდი ევრო იქნება.
ესპანეთში მეტეოროლოგიური ვითარების გაუარესება შტორმმა „ფილომენამ“ განაპირობა.