არასამთავრობო ორგანზიაციები სააპელაციო სასამართლოს მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.
ამასთან, NGO-ებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში შემჩნეულ მოსამართლეებზე მომავალში პარტნიორების რესურსების გამოყენებას სასამართლოს სისტემისთვის პოზიტიური შედეგი არ მოყვება.
„2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა მერაბ ჯორბენაძემ, ლავრენტი მაღლაკელიძემ და დავით მამისეიშვილმა „რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორისა და „მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანეს. ნიკა გვარამია დამნაშავედ ცნეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში (ორი ეპიზოდი - ე.წ. რეკლამის გაყიდვის საქმე და ე.წ. ავტომანქანის საქმე). საბოლოო სასჯელის სახედ მას 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
დღევანდელი განაჩენი მცირედით განსხვავდება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის 2022 წლის 16 მაისის განაჩენისაგან, რადგან სასამართლომ ნიკა გვარამიას ე.წ. რეკლამის გაყიდვის ეპიზოდში სასჯელი დაუმძიმა და ჯარიმის ნაცვლად, 3 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საბოლოოდ, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის საფუძველზე, ნიკა გვარამიას საპატიმრო სასჯელის ვადა არ შეცვლილა.
საქმის მასალებისა და პროცესებზე დაკვირვების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აღნიშნული საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული, რომლის მიზანი ნიკა გვარამიას დასჯა და კრიტიკული ტელეკომპანიის საქმიანობის შეფერხებაა.
აღნიშნულ საქმეზე, ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებდა სახალხო დამცველისა, ადამიანის უფლებათა ცენტრისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიერ სასამართლოში წარდგენილი მოსაზრებები. ამ მოსაზრებების თანახმად, საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება. გარდა ამისა, სახალხო დამცველის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ შესწავლილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რის შემდეგაც მის კანონიერებასა და დასაბუთებულობასთან დაკავშირებით არაერთი ხარვეზი გამოიკვეთა.
მნიშვნელოვანი ხარვეზებით განხორციელებული მართლმსაჯულება, რომელიც ზიანს აყენებს მედიაგარემოს და ზოგადად, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის სტანდარტებს, კიდევ უფრო აღრმავებს პოლარიზაციას, აცდენილია ევროკავშირის 12-პუნქტიანი მოთხოვნების სულისკვეთებას და ხელს უშლის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას.
საერთაშორისო პარტნიორების მიერ წლების მანძილზე სასამართლო სისტემის გაუმჯობესების კუთხით გაწეული ძალისხმევა ე.წ. გავლენიანი მოსამართლეების ქმედებებით მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით არსებული გამოწვევების ერთ-ერთი მაჩვენებელია. მსგავსი საქმეები კი სრულიად მოსამართლეთა კორპუსს, მათ შორის მიუკერძოებელ მოსამართლეებსაც აყენებს ჩრდილს. მიგვაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევაში შემჩნეულ მოსამართლეებზე მომავალში პარტნიორების რესურსების გამოყენებას სასამართლოს სისტემისთვის პოზიტიური შედეგი არ მოყვება”,- აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; ღია საზოგადოების ფონდი; ადამიანის უფლებათა ცენტრი ;ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC); საზოგადოება და ბანკები; მედიის განვითარების ფონდი; საქართველოს ატლანტიკური საბჭო.
„მთავარი არხის“ დამფუძნებლი ნიკა გვარამია თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.
შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასართლოს მიერ მისთვის 3 წლითა და 6 თვის ვადით შეფარდებული თავისუფლების აღკვეთა ძალაში დარჩა. გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს მიიღო.
საქართველოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი 2019 წლის ზაფხულში წარუდგინა. საქმე ეხება, იმ პერიოდს, როცა ნიკა გვარამია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი იყო. პროკურატურა მას ბრალად სდებს „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას, კომერციულ მოსყიდვას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება“.
ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა, 16 მაისს შეუფარდა.