დღეიდან, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

„საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღისა, საშუალება აქვთ სწავლა საქართველოში გააგრძელონ. ამისათვის მათ 20 იანვრის 09:00 საათიდან პირველი თებერვლის 18:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge.

სტუდენტები მხოლოდ ერთ გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. დეტალური ინფორმაცია, ასევე შესავსები განცხადების ფორმა და ტესტის ნიმუში გამოცდის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ იხილონ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2298

გამოცდის თარიღისა და ჩატარების ადგილის თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.

გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტესტირებაზე დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები" , - ნათქვამია ინფორმაციაში.