ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი, სტივ ბენონი შეიწყალა

დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, რომელიც სასჯელს თაღლითობისთვის იხდიდა, შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა ეს თავისი შემცვლელის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა.

თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენონი „კონსერვატიული მოძრაობის მნიშვნელოვანი ლიდერი იყო“, მისთვის ბრალდების წარდგენა კი ბენონის პოლიტიკურ პროექტში ჩართულობას უკავშირდება.

გარდა ამისა, ტრამპმა კიდევ 70-ზე მეტი ადამიანი შეიწყალა, მათ შორის რეპერი Lil Wayne და დეტროიტის ყოფილი მერი კვამე კილპატრიკი.

ცნობისთვის, 2016 წელს სტივ ბენონი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობას იკავებდა. არჩევნების შემდეგ მან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მთავარი სტრატეგის პოსტი დაიკავა, თუმცა 2017 წელს თეთრი სახლი დატოვა.

ბენონი 3 პირთან ერთად 2020 წლის აგვისტოში დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულებმა კამპანია „ჩვენ ვაშენებთ კედელს“ ფარგლებში ათასობით დონორი მოატყუეს, რა დროსაც მოქალაქეებს დაპირდნენ, რომ შემოსული თანხა სრულად მოხმარდებოდა კედლის მშენებლობას.