ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ (No9487/19), გადაწყვეტილება გამოიტანა.
სამართლო ადგენს, რომ განმცხადებლის საქმეში, სამართალწარმოება მთლიანობაში არ ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს მოთხოვნებს. კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი არ დარღვეულა მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში. ამასთან, სასამართლო ორი პუნქტის დარღვევაზე მიუთითებს. კერძოდ:
- სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო;
- სასამართლო ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევას; (უდანაშაულობის პრეზუმფცია)
- კონვენციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან, მოპასუხემ, სახელმწიფომ განმცხადებელს სამი თვის განმავლობაში უნდა გადაუხადოს 9418 ლარი. ასევე, ნებისმიერი გადასახადი, რომელიც შეიძლება, დეკანოზ მამალაძეს ხარჯის სახით დაეკისროს.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლოში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი (სამართლიანი სასამართლოს უფლება) და მეორე (უდანაშაულობის პრეზუმფცია) პუნქტების შესაძლო დარღვევაზე დავობდა.
- ადვოკატი: სტრასბურგის სასამართლომ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სამართლიანი განხილვის დარღვევის უფლება დაადგინა
- იუსტიციის სამინისტროს შეფასებით, სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის განაჩენი კანონიერად მიიჩნია
რას ცვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ჯანდიერის განცხადებით, მსჯავრდებულს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, უფლება აქვს, შესაბამის სამსახურს მიმართოს, რათა მისი მსჯავრი უფრო მსუბუქი სასჯელით შეიცვალოს.
ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შესაძლებლობას იძლევა, რომ სტრასბურგის სასამართლოს საფუძველზე მოხდეს საქმის წარმოების განახლება იმ ნაწილში, რაც მის მსჯავრდებას უკავშირდება და რამაც შეიძლება საბოლოო ჯამში გამოიწვიოს განაჩენის გაუქმება. ასევე, პრეზიდენტს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებამოსილება აქვს“, - განაცხადა გიორგი ჯანდიერმა.
იუსტიციის სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ძირითადად, პროცედურულ დარღვევებს ჰქონდა ადგილი, იურისტმა უპასუხა:
„მე-6 მუხლი არის მხოლოდ პროცედურული ნაწილი, სხვა არაფერს ეხება. სასამართლო არ ამბობს ვინმე დამნაშავე არის, თუ არ არის. საუბარია, პროცედურა რამდენად არის დაცული. სასამართლომ თქვა, მტკიცებულებების მოპოვების ნაწილში, ის კონვენციის დარღვევას ვერ უყურებს, რაც შეეხება პროცედურას, იმ ნაწილში, რაც უკავშირდება სხდომის საჯაროობის განხილვას და გამოძიების ნაწილს, მათ შორის, უდანაშაულობის პრეზუმფციასთან მიმართებით, აქ თქვა, რომ დარღვევას ჰქონდა ადგილი“.
რამდენად კანონიერად შეიძლება, ჩაითვალოს გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი
გიორგი ჯანდიერის განმარტებით, როცა საკითხი უკავშირდება კონვენციის დარღვევას, მაშინ განაჩენი არ არის კანონიერი.
„მტკიცებულებებთან ნაწილში სასამართლოს შემდეგი აქვს ნათქვამი. პირველი, ის, რომ ის არ არის მეოთხე ინსტანციის სასამართლო, რომელსაც შეუძლია, გადააფასოს კანონიერად მოხდა თუ არა მტკიცებულებების მოპოვება. ანუ, სტრასბურგის სასამართლო არ აფასებს კანონიერების საკითხს შიდა კანონმდებლობასთან მიმართებით“.
შესაძლოა, თუ არა, რომ ეს გარემოებები ხელახალი გამოძიების საფუძველი გახდეს
იურისტის განმარტებით, სტრასბურგის სასამართლოს განაჩენი საფუძველია საქმის წარმოების განახლების.
„სასამართლო ხარჯები დაკმაყოფილებულია, რაც შეეხება სხვა ნაწილს, მორალური ზიანი არ დაუკმაყოფილებია, ეს არ არის გამონაკლისი. როცა სასამართლო ამბობს, რომ კონვენციის დარღვევას ჰქონდა ადგილი, ის მიიჩნევს, რომ კონვენციის დარღვეულად აღიარება საკმარისი საფუძველია და აღარ საჭიროებს თანხობრივი კომპენსაციის განსაზღვრას“, - აღნიშნავს გიორგი ჯანდიერი.
გიორგი მამალაძე მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად, (შემოსავლის დაკარგვის გამო) 376 304 ლარს და 150 000 ევროს მორალური ზიანისთვის ითხოვდა, რომელიც არ დაკმაყოფილდა.
დეკანოზი ასევე ითხოვდა 6360 ლარს, სასამართლოში მისი იურიდიული წარმომადგენლობისთვის და 3058 ლარს დოკუმენტების თარგმნის, საფოსტო და სხვა ხარჯებისთვის, რომელიც დაკმაყოფილდა.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით, თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.