ლევან ხაბეიშვილი დააკავეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დააკავეს. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტზეა დაკავებული.


სუს-ში განაცხადეს, რომ „ლევან ხაბეიშვილის ქმედებაში იკვეთება დანაშაულის ყველა ნიშანი, რომელიც გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით და ის დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე. დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“


„ქრთამის სახით მოხელეებისთვის ფულადი თანხების საჯაროდ დაპირების ფაქტს. კერძოდ, ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ლევან ხაბეიშვილი საჯარო სივრცეში ტელევიზიასა და სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებებს და ძალოვანი სისტემების თანამშრომლებს ჰპირდებოდა ქრთამის მიცემას იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ აქციებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე, ასევე თუ არ გამოიყენებდნენ მათ ხელთ არსებულ კანონით ნებადართულ საშუალებებს. ვინც ასეთ ქმედებებს განახორციელებდა, ლევან ხაბეიშვილი საჯაროდ ჰპირდებოდა 200 ათასი აშშ დოლარის გადახდას," - განაცხადეს სუს-ში.


ლევან ხაბეიშვილის გარდა, მურთაზ ზოდელავაც დაკავებულია. სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მურთაზ ზოდელავამ სცადა გაქცევა, გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე.


„ლევან ხაბეიშვილის დაკავებისას მასთან ერთად დააკავეს მურთაზ ზოდელავა, რომელსაც ხაბეიშვილმა დაკავებისთანავე მიაწოდა თავისი მობილური ტელეფონი. ზოდელავამ კი აღნიშნული ტელეფონის გადამალვის მიზნით, სცადა გაქცევა, რა დროსაც გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს და იძალადა ერთ-ერთ მათგანზე. მისი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით კვალიფიცირდება, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,“ - განაცხადეს სუს-ში.