მეუფე იაკობი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: ეჭვი რომ შემპარვოდა, მართალი იყო, ჩავერეოდი, უსამართლოდ არ დავაჩაგვრინებდი კაცს

ეჭვი რომ შემპაროდა, რომ მართალი იყო ჩავერეოდი და თავიდანვე დავიცავდი, უსამართლოდ არ დავაჩაგვრინებდი კაცს, - ასე გამოეხმაურა ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას.

,,მე, რაც წავიკითხე იქ წერია, რომ სამართლიანი სასამართლოს შესახებ არ დარღვეულა არაფერი.

პირდაპირ გეტყვით, მე საერთოდ ის მიკვირს მაინცდამაინც პოლიტიკოსი უნდა იყოს ადამიანი ან ეკლესიის წინააღმდეგი უნდა იყოს, რომ დაინტერესდეს. ამდენი ადამიანი ციხეში ზის. ვისურვებდი ყველა საერთოდ გამოუშვან, თუ არის შესაძლებელი. ჩემს სურვილზე, რომ იყოს მე ყველას გამოვუშვებდი. ქალბატონი პრეზიდენტი თუ გამოუშვებს, მას აქვს დისკრეცია მიცემული და ვეღარ ჩაერევი. მე არ ვიცი ნიკა გვარამია, რის გამო ზის ციხეში”, - განაცხადა მეუფემ.


ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა მას ბრალდება - ანგარებით მკვლელობის მომზადება გადაუკვალიფიცირადა დამნაშავედ განზრახ მკვლელობის მომზადებაში ცნო. ამასთან, დამამძიმებელი გარემოება მოუხსნა. ბესიკ ბუგიანიშვილმა მამალაძის დანაშაულის მოტივად ანგარების ნაცვლად, შურისძიება დაასახელა.