ელჩი გიგი გიგიაძე, რომელმაც დაკავებულ კარტოგრაფებს მხარი დაუჭირა, თბილისში ბრუნდება

დანიაში საქართველოს ელჩი, გიგი გიგიაძე, რომელმაც რამდენიმე თვის წინ, დავით გარეჯის რუკების საქმეზე, კარტოგრაფებს მხარი დაუჭირა, დიპლომატიურ რეზერვში გადაჰყავთ.

გიგიაძემ "ფორმულას" განუცხადა, რომ თებერვალში იწურება მისი ელჩობის 4-წლიანი ვადა და რომ ჯერ არ არის გადაწყვეტილი, სად გააგრძელებს კარიერას. თუმცა, არ უპასუხა კითხვას, არის თუ არა ამის მიზეზი ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას საქმე.

როგორც Europetime-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, როტაციის პრინციპის შესაბამისად ელჩი როდესაც ასრულებს დიპლომატიურ მისიას უცხო ქვეყანაში, ბრუნდება დედაქალაქში და რჩება სისტემაში.

"რა სახით დარჩება დიპლომატიურ სისტემაში, ამის შესახებ გადაწყვეტილება მისი დაბრუნების შემდეგ მიიღება", - აცხადებენ სამინისტროში.

საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში, გიგი გიგიაძემ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულ ივერი მელაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა, მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს კი აბსურდული და საღ აზრს მოკლებული უწოდა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი კობახიძემ, რამდენიმე თვის წინ, გიგიაძის მხრიდან მელაშვილის მხარდაჭერას, დიპლომატიური საქმიანობის სტანდარტების უხეში დარღვევა უწოდა.

2020 წლის ოქტომბერში საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა აღნიშნა რომ დანიაში საქართველოს ელჩის საქციელი არაკოლეგიალური იყო, რადგან როგორც წესი დიპლომატები მსგავს სენსიტიურ საკითხებზე პოზიციას სამინისტროსთან ათანახმებენ.

"მას უნდა დაერეკა, ეკითხა ჩვენთვის. ასეთი ზარი არ შემოსულა. ალბათ, მისი ეს ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ", - განაცხადა ზალკალიანმა.