„ქართველმა ხალხმა არაერთხელ დააფიქსირა, რომ სურს ძლიერი დემოკრატია, ევროატლანტიკური მომავალი და შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების განხორციელებისთვის, ეს არის ის, რასაც 30 წელია, ვაკეთებთ და ამის გაკეთებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ მართლაც გვჯერა საქართველოს წარმატების და გვსურს, რომ ეს ქვეყანა ვიხილოთ სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა მედიას 3 ნოემბერს განუცხადა.
მას დღეს „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმეზე ჰკითხეს. ელჩს აშშ-ის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ ლიდერის კომენტარზეც დაუსვეს შეკითხვა.
„თქვენ ნახეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადება, ასევე, ევროკავშირის და საქართველოს სხვა მეგობრების განცხადება. ყველაფერი, რაც აშშ-მ ბოლო 30 წლის განმავლობაში გააკეთა საქართველოსთვის, მიზნად ისახავდა ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანის მხარდაჭერას, უსაფრთხო, დემოკრატიული მომავლისათვის.
ამ მომავლის მისაღწევად, მიუკერძოებელი სასამართლოს ცენტრალური ადგილი უკავია და ყველაფერი, რასაც პოლიტიზების, პოლიტიკური დევნის სახეც კი აქვს, ამ ევროატლანტიკურ მომავალს რისკის ქვეშ აყენებს.
საქართველოს ლიდერები, მათ შორის მმართველი პარტია, ქართველ ხალხს დაჰპირდა საპარლამენტო არჩევნებზე, რომ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამენ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გზაზე. ყველაფერი, რაც ხელს უშლის ან თუნდაც რისკის ქვეშ აყენებს ამას, ღრმად შემაშფოთებელია.
შეერთებულ შტატებში ჩვენ ვაფასებთ და ვიცავთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, რადგან ვიცით, რომ მიუკერძოებელი სასამართლო არის ჩვენი დემოკრატიის საფუძველი. ეს არის ის, რასაც მოაქვს მედეგობა, სხვადასხვა გამოწვევასთან გასამკლავებლად.
იგივე გვინდა ქართველი ხალხისთვისაც, რომელმაც არაერთხელ დააფიქსირა, რომ სურს ძლიერი დემოკრატია, ევროატლანტიკური მომავალი და შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს ხალხის მხარდაჭერას ამ მისწრაფების განხორციელებისთვის, ეს არის ის, რასაც 30 წელია, ვაკეთებთ და ამის გაკეთებას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ მართლაც გვჯერა საქართველოს წარმატების და გვსურს, რომ ეს ქვეყანა ვიხილოთ სტაბილური, მშვიდობიანი და აყვავებული“, - განუცხადა ამერიკის ელჩმა ქართულ მედიას.