საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა აქცია გამართეს

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში დასაქმებულმა ექიმებმა და მძღოლებმა აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები "ღირსეულ ხელფასს” ითხოვენ.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარის, ირაკლი ამირანაშვილის ინფორმაციით, გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, პერსონალი იძულებული იქნება უკიდურესი ზომა მიიღოს.

“ჩვენ მოვისმინეთ, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ხელფასები იანვრიდან 10%-ით გაიზრდება. მოთხოვნა, რომ ხელფასი მეტით გაზრდილიყო, თურმე არარელევანტური ყოფილა და 10%-იანი ზრდით უნდა დავკმაყოფილებულიყავით.

ყველამ კარგად ვიცით, რომ ინფლაცია 10%-ზე მეტია, შესაბამისად, ეს 10% სასწრაფოში დასაქმებულებისთვის საკმარისი არ არის. იქნებ დამსაქმებლებმაც და ჯანდაცვის სამინისტრომაც მიიღოს ზომები იმისათვის, რომ მორიგე მედპერსონალი და მძღოლები მოვიდნენ არა აქციაზე, არამედ ოჯახთან გაატარონ თავისუფალი დრო. ჩვენი მოთხოვნა ხელფასის 100%-იანი ზრდა იყო, თუმცა ახლა ეტაპობრივ ზრდაზეა საუბარი”, - განაცხადა ირაკლი ამირანაშვილმა.