დღეს ენგურჰესი სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოების მიზნით გაჩერდება. რეაბილიტაცია, სავარაუდოდ, 3 თვე გაგრძელდება.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გახდა მისი დროებითი გაჩერება, ამისთვის ოპტიმალური პერიოდი შეირჩა, როდესაც ენგურჰესში წყლის რესურსი მინიმალურია. ამავე დროს, პროექტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით განხორციელდება, რათა სადგური ექსპლუატაციაში 2021 წლის 1 მაისს გაეშვას.
როგორც ცნობილია, რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო კი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.
„პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის რემონტი ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და გაჟონილი წყლის მოცულობის შესამცირებლად არის აუცილებელი. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი”, - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.