საქსტატი: 2020 წელს საქართველოში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14.8%-ით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.0 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარს (15.9 პროცენტით ნაკლებია).

საქსტატის ცნობით, საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტია. ამასთან, 2020 წელს სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 729.4 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 404.1 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 247.3 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2020 წელს წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 759.5 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 9.5 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 533.5 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ნავთობი და ნავთობპროდუქტები 498.5 მლნ. აშშ დოლარით.

2020 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანიმპორტში 69.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 407.0 მლნ. აშშ დოლარი),რუსეთი (887.2 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (708.7 მლნ. აშშ დოლარი).