"უკვე სასურველია, რომ სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ გამოვიყენოთ ყველა დიდ ქალაქში" - ამირან გამყრელიძე

სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ უკვე სასურველია, რომ ვიხმაროთ ყველა დიდ ქალაქში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა აჭარის შემდეგ, ყველაზე დიდი ყურადღება იმერეთის რეგიონისა და თბილისისკენ არის მიმართული.

„ახლა უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენთ იმერეთის რეგიონის მიმართ, სადაც დღეს დაფიქსირდა 96 შემთხვევა და, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული სიფრთხილით ვეკიდებით თბილისში ფართომასშტაბიანი პრევენციული ღონისძიებების გატარებას.

იცით, რომ აჭარაში გარკვეული შეზღუდვები ამოქმედებულია, ეს ნიშნავს, რომ ყველა რესტორანი და კაფე-ბარი იკეტება ღამის 10:00 საათზე, ასევე შიდა ტრანსპორტით გადაადგილება შეჩერებულია. ასევე, ავამოქმედეთ იქ სლოგანი ხანდაზმებულებისთვის, რომ თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის, სასურველია, რომ „დავრჩეთ სახლში“ და ეს სლოგანი უკვე სასურველია, რომ ვიხმაროთ ყველა დიდ ქალაქში. რა თქმა უნდა, იმ ადამიანს, რომელიც გარეთ გამოვა, არავინ დასჯის, არ დააჯარიმებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, იმ შეთხვევაში თუ ღია სივრცეში დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, სასურველია პირბადე ვატაროთ, ამასთანავე გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება შეუძლიათ იმ ადამიანებსაც, ვისაც ეს არ უჭირთ.

„გამომდინარე იქიდან, რომ ეპიდემია ყველგან და, მათ შორის, ჩვენთანაც ძალებს იკრებს, სასურველია, რომ უფრო გაფართოებული და ინტენსიური პრევენციული ღონისძიებები ვაწარმოოთ, ეს არის, ძირითადად, პირბადის გამოყენება იმიტომ, რომ ეს უკვე ძალიან ბევრი მტკიცებულებით დაზუსტებულია, რომ პირბადე არის ყველაზე მძლავრი იარაღი დაავადების გავრცელების პრევენციისთვის. ამიტომ, უნდა ვიხმაროთ პირბადე ყველა დახურულ შენობაში, ღია სივრცეში, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხორციელდება და ვისაც არ უჭირს მისი ხმარება იხმარონ გარეთაც, არაფერი ცუდი ამაში არ იქნება. განსაკუთრებით თუ არ იცვება დისტანცია,“- განაცხადა გამყრელიძემ.