საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პატიმრების გარკვეული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებზე სიტყვიერ თავდასხმებს, მუქარას და აგრესიას.
ამის შესახებ სახალხო დამცველმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დასძინა, რომ აღნიშნული პატიმრები, პენიტენციურ დაწესებულებების ადმინისტრაციის და ციხის ე.წ "მაყურებლების" მიერ არიან მართული.
ლომჯარიას თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლების ვიზიტი უკვე საფრთხის შემცველი გახდა
ომბუდსმენი პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის და რამდენიმე სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
"ამ უკანონო ქმედების მიზანია პატიმრებთან ჩვენი კომუნიკაციის და ციხის ტერიტორიაზე მონიტორინგის განხორციელების ხელშეშლა. ვფიქრობთ ეს თავდასხმები გამოწვეულია ომბუდსმენის აპარატის მიერ გამოქვეყენებული ანგარიშით, სადაც საუბარია იმაზე, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში "მოჩვენებითი სიმშვიდე" ციხის "მაყურებლების" დახმარებით მიიღწევა. აღნიშნული ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა სახალხო დამცველზე საჯარო თავდასხმები და უკანონო ქმედებები იუსტიციის მინისტრისა და პენიტენციური სამსახურის მხრიდან. რაც დასრულდა იმით, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტი არა მარტო გართულდა, არამედ უკვე საფრთხის შემცველი გახდა", - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი