ირანის რეჟიმი რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსები აგროვებენ ძალას უკრაინის ქალაქებზე ახალი მასიური დარტყმისთვის და ამისთვის მათ ირანული რაკეტები სჭირდებათ.

„ირანის რეჟიმი ეხმარება რუსეთს ამ ომის გახანგრძლივებაში და, შესაბამისად, გაახანგრძლივებს იმ საფრთხეების ზემოქმედებას მსოფლიოსთვის, რომელიც სწორედ რუსეთის ომით არის პროვოცირებული. ტერორისტული სახელმწიფო ჩვენს ინფრასტრუქტურაზე მასიური თავდასხმის შესაძლო განმეორებისთვის ძალებისა და საშუალებების კონცენტრირებას ახდენს. პირველ რიგში, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის. ამისთვის რუსეთს სჭირდება ირანული რაკეტები”, - განაცხადა ზელენსკიმ.

"ჩვენ რუსეთს უპილოტო თვითმფრინავების შეზღუდული რაოდენობა მივეცით უკრაინის ომამდე თვეებით ადრე", - თქვა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირაბ დოლაჰაინმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, მანამდე, ირანის ოფიციალური პირები უარყოფდნენ ცნობებს იმის შესახებ, რომ ქვეყანა რუსეთს იარაღს აწვდის. ამ კვირაში ირანის ელჩმა გაეროში ბრალდებებს "სრულიად უსაფუძვლო" უწოდა და თქვა, რომ ირანს ომთან დაკავშირებით ნეიტრალური პოზიცია აქვს.

აშშ და მისი დასავლელი პარტნიორები კი ამბობდნენ, რომ უკრაინაში ირანული დრონების გამოყენების მტკიცებულებები არსებობს.